დავით ზალკალიანი ინდონეზიელ კოლეგას შეხვდა

25.02.2019, ჟენევა -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ქ. ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო ლესტარ პრიანსარი მარსუდისთან.
 
შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები, როგორც ორმხრივი, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.
 
დადებითი შეფასება მისცეს ინდონეზიისა და საქართველოს მთავრობის წარმატებულ და ნაყოფიერ თანამშრომლობას ინდონეზიისთვის კარგი მმართველობის და სახელწმიფო სერვისების სფეროში საქართველოს წარმატებული რეფორმების გაზიარებისა და მათი იმპლემენტაციის საქმეში.
 
დადებითად შეფასდა ასევე საქართველოს წარმატებული თანამშრომლობა და ურთიერთობის დინამიკა სამხრეთ აზიის ერების ასოციაციასთან.
 
მინისტრებმა გამოხატეს მზაობა ხელი შეუწყონ ინდონეზიასა და საქართველოს შორის სავაჭრო და ეკონომიკური კავშირების გააქტიურებას, ამ მხრივ ხაზი გაესვა საქართველოს მნიშვნელოვან რეგიონალურ ფუნქციას, მის სატრანზიტო შესაძლებლობებს, ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოს. აღინიშნა, რომ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში განსაკუთრებით პოზიტიური როლის შესრულება შეუძლია საქართველოში ინდონეზიის წარმომადგენლობის ოფისის გახსნას, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.
 
მინისტრების შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო საერთაშორისო დღის წესრიგში არსებულ საკითხებს. მინისტრმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია რეგიონში არსებული გამოწვევების, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ჰუმანიტარული და ადმიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ და ხაზი გაუსვა აღნიშნული საკითხის საერთაშორისო ორგანიზაცების, განსაკუთრებით კი გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს დღის წესრიგში არსებობის მნიშვნელობას.