დავით ზალკალიანი ჟენევის მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებს შეხვდა

6.12.2018 მილანი - ეუთოს მინისტრთა საბჭოს 25-ე სხდომის ფარგლებში გაიმართა საქართველოს დელეგაციის შეხვედრა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან, ტოივო კლაართან, ჯიჰან სულთანოღლუსთან და რუდოლფ მიხალკასთან.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟენევის დისკუსიების მიმდინარეობას. ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში კონსტრუქციული მონაწილეობა. ხაზი გაუსვეს ეუთოს, გაეროს და ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის დისკუსიებში. აღინიშნა, რომ საჭიროა მეტი ძალისხმევა დღის წესრიგის ძირითად საკითხებზე შედეგის მისაღწევად.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების მნიშვნელოვან როლს ვითარების დეესკალაციისა და მშვიდობის უზრუნველყოფის პროცესში.

აღინიშნა რომ დაუყოვნებლივ უნდა განახლდეს ინციდენტების პრევენციის მექანიზმის მუშაობა ძირითადი პრინციპებისა და ადგილზე მოქმედი წესების სრული დაცვით.

მომავალ კვირას, 11-12 დეკემბერს, დაგეგმილია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგი, 46-ე რაუნდის გამართვა.