დავით ზალკალიანი კანადის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მინისტრს შეხვდა

24.09.2018 ქ.ნიუ-იორკი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის განვითარების მინისტრს ჯიმ კარს შეხვდა.

მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველო-კანადის ურთიერთობებს და  მაღალი დონის ორმხრივ მხარდაჭერას. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ  მძიმე ჰუმანიტარული ვითარების, ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებსა და კონფლიქტის მოგვარების სამშვიდობო პოლიტიკის მიმართ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერას.  

ორმხრივ ურთიერთობებზე საუბრისას მინისტრებმა ხაზი გაუსვეს სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარების დიდ პოტენციალს, საქართველოს სატრანზიტო შესაძლებლობებსა და ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით არსებულ გარემოს. აღინიშნა, რომ საქართველო საინვესტიციო კლიმატითა და შესაძლებლობებით საინტერესო ადგილია კანადის ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის.

მინისტრები შეთანხმდნენ აქტიურად იმუშაონ ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების განვითარებისთვის, მათ შორის შესაბამისი სამართლებრივი ბაზის უზრუნველყოფის თვალსაზრისით. ამ კუთხით მინისტრებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი ქვეყნებს შორის უცხოური ინვესტიციების დაცვის შესახებ შეთანხმების დროულ გაფორმებას.

განსაკუთრებით აღინიშნა კანადის აქტიური მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. მინისტრებმა ხაზი გაუსვეს მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის აუცილებლობას, რაც ორმხრივ თანამშრომლობას ახალ დინამიკას შესძენს.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი მიესალმა მიმდინარე წლის ოქტომბრიდან „ღია მმართველობის პროგრამის“ კანადის თავმჯდომარეობას, რომელიც ამ პოზიციას საქართველოსგან გადაიბარებს. მხარეებმა წარმატებულად შეაფასეს OGP-ის საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდი და საქართველოს ინიციატივები.​