დავით ზალკალიანი ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა

2018 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ოფიციალური ვიზიტით ლიეტუვის რესპუბლიკას ეწვევა. 
 
ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის მე-5 სხდომა, რომელსაც უხელმძღვანელებენ საქართველოს და ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრები - დავით ზალკალიანი და ლინას ლინკევიჩიუსი. აღსანიშნავია, რომ  კომისია საქართველოსა და ლიეტუვას შორის ხელმოწერილი ქარტიის - „საქართველო-ლიეტუვის ქარტია ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ“ (Georgian-Lithuanian Charter on European and Euro-Atlantic Integration) საფუძველზე მოქმედებს. ქარტია გულისხმობს ლიეტუვური მხარის მიერ საქართველოს აქტიურ მხარდაჭერას ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების განხორციელებაში და ამ მიზნით, რეგულარული კონსულტაციების გამართვას საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისიის ფორმატის ფარგლებში. 
 
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი  შეხვედრებს გამართავს ლიეტუვის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრთან საულიუს სკვერნელისთან, ლიეტუვის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარესთან ვიქტორას პრანცკიეტისთან და საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ლინას ლინკევიჩიუსთან.
 
ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად,  პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა მემორიალს და ლიეტუვაში ემიგრირებული ქართველი ოფიცრის, დათიკო მაჭავარიანის საფლავს. ასევე, დავით ზალკალიანი ეწვევა „ლიეტუვის დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერთა სახლს“ და სტუმრებისთვის განკუთვნილ წიგნში ჩანაწერს დატოვებს.