დავით ზალკალიანი ლიეტუველ კოლეგას შეხვდა

11.09.2018 .თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ლიეტუვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან ლინას ლინკევიჩიუსთან, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით - თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობის მიზნით იმყოფება.
 
 
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლიეტუველ კოლეგას საქართველოში სტუმრობისთვის, რაც გახლავთ ლიეტუვას მხრიდან საქართველოს მიმართ არსებული მტკიცე მხარდაჭერისა და მეგობრობის კიდევ ერთი გამოხატულება.
 
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოსა და ლიეტუვის მჭიდრო თანამშრომლობას, მათ შორის საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. ხაზი გაესვა ამ მიმართულებით ლიეტუვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, რომლის ერთ-ერთი გამოხატულება გახლავთ საქართველო-ლიეტუვის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის კომისია.
 
შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოს მთავრობის ნაბიჯები და ინიციატივები ევროპული ინტეგრაციის გზაზე.  საუბარი  ასევე შეეხო საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის დღის წესრიგში არსებულ პრიორიტეტებს. ლინას ლინკევიჩიუსი დაინტერესდა მთავრობის ინიციატივის - ევროკავშირში გაწევრიანების საგზაო რუკის - შემუშავების მიმდინარეობით და ქართულ მხარეს ამ პროცესში ლიეტუვის მხარდაჭერა და ექსპერტული დახმარების გამოყენება შესთავაზა.
 
განსაკუთრებით აღინიშნა ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიმართულებით.
 
დავით ზალკალიანმა კიდევ ერთხელ გადაუხადა  მადლობა ლიეტუველ კოლეგას საქართველოს მიმართ გამოხატული სოლიდარობისთვის და განსაკუთრებით გამოჰყო ის ფაქტი, რომ ლიეტუვა პირველი ქვეყანაა, რომელმაც დააწესა შეზღუდვები „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში მყოფი პირებისთვის.
 
დავით ზალკალიანმა ასევე საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის გამოხატულებად შეაფასა მიმდინარე წლის 6-7 აგვისტოს პოლონელ და ლატვიელ კოლეგებთან და უკრაინის ვიცე პრემიერ-მინისტრთან ერთად ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში, რომელიც რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავს უკავშირდებოდა.
 
მინისტრებმა, ასევე, გაუზიარეს ერთმანეთს შეფასებები ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებთან დაკავშირებით. მათ დადებითად შეაფასეს წლის განმავლობაში ორმხრივ ურთიერთობებში განვითარებული დინამიკა და ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობის დღის წესრიგზე.
 
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მინისტრი ლინკევიჩიუსი მონაწილეობს 2018 წლის 11-12 სექტემბერს მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის თბილისის საერთაშორისო კონფერენციაში „მსოფლიო თავდაყირა 2018“. 
 
მინისტრმა უკვე გამართა შეხვედრა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ირაკლი კობახიძესთან, ხოლო დღის განმავლობაში დაგეგმილია მისი სამუშაო შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან და პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან.