დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს კომისარს შეხვდა

25.02.2019, ჟენევა -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქ. ჟენევაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა გაეროს უმაღლეს კომისარს ლტოლვილთა საკითხებში ფილიპო გრანდის.
 
შეხვედრაზე მხარებმა მაღალი შეფასება მისცეს საქართველოს თანამშრომლობას გაეროს ლოლვილთა კომისრის ოფისთან, განსაკუთრებით კმაყოფილება გამოითქვა იმ პროგრამების მიმართ, რომელსაც მხარეები ერთობლივად ახორციელებენ საქართველოში დევნილთა უფლებებისა და მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად.
 
უმაღლესმა კომისარმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს სამშვიდობო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, შეხვედრაზე ხაზი გაესვა  მის ეფექტურ იმპელენტაციაში, მათ შორის უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობას.
 
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას. ქართულმა  მხარემ ინფორმაცია მიაწოდა უმაღლეს კომისარს  უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ უმძიმეს გარემოზე, მათ შორის რუსეთის ფედერაციის დესტრუქციულ ქმედებებზე.
 
აღინიშნა უმაღლესი კომისრის ოფისის ჩართულობის მნიშვნელობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. ​