დავით ზალკალიანი ლუქსემბურგში დაგეგმილ ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალში მიიღებს მონაწილეობას

2018 წლის 15 ოქტომბერს . ლუქსემბურგში დაგეგმილია ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის’’ საგარეო საქმეთა მინისტერიალი, საგარეო  საქმეთა  და  უსაფრთხოების  პოლიტიკის  საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი/ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის ფედერიკა მოგერინისა და ევროკომისრის, ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში იოჰანეს ჰანის მონაწილეობით. აღნიშნულ შეხვედრას, ასევე დაესწრებიან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოთა დააღმოსავლეთ პარტნიორობისწევრი ქვეყნების წარმომადგენლები. ქართული მხრიდან მინისტერიალში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი.
 
შეხვედრის ფარგლებში მხარეები ყურადღებას გაამახვილებენ 2017 წლის 24 ნოემბერს ქ. ბრიუსელში გამართულ  „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ სამიტის შემდგომ მიღწეულ შედეგებზე, მათ შორის 2020 წლისთვის 20 შედეგის შესრულების პროცესზე.  ამასთანავე,  იმსჯელებენ თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების გზებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. მინისტერიალის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია მინისტრის ორმხრივი შეხვედრები, ევროკავშირის ინსტიტუტების მაღალი რანგისა და წევრი ქვეყნების  წარმომადგენლებთან.
 
ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიანი ელჩის და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის, ნატალი საბანაძის განცხადებით, მინისტერიალზე განსაკუთრებული ადგილი დაეთმობა “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის 10 წლის საიუბილეო თარიღს, რომელიც მომავალ წელს აღინიშნება.  ამ კუთხით ასევე წარიმართება მსჯელობა ზოგადად აღნიშნული ინიციატივის სამომავლო განვითარების ტენდენციებზე.