დავით ზალკალიანი მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

 
11.09.2018 ქ. თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი მაკკეინის ლიდერთა საერთაშორისო ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს და ამერიკის შეერთებული შტატების სპეციალურ წარმომადგენელს უკრაინის საკითხებში, კურტ ვოლკერს შეხვდა.
 
მაკკეინის ინსტიტუტისა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ორგანიზებული თბილისის საერთაშორისო კონფერენციის  - „მსოფლიო თავდაყირა 2018“ - ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. 

განხილული იქნა საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის საკითხები, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. კერძოდ, საუბარი შეეხო ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში არსებულ პრიორიტეტებს, ისევე როგორც ნატო-ს ბრიუსელის სამიტის შედეგებსა და სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების იმპლემენტაციის პროცესს. ხაზი გაესვა საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთან - ამერიკის შეერთებულ შტატებთან - თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას.

მაღალი შეფასება მიეცა მაკკეინის ინსტიტუტის თანაორგანიზებით თბილისში მიმდინარე ყოველწლიურ  კონფერენციას, რომელიც რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ პოლიტიკურ და უსაფრთხოების გარემოზე სამსჯელოდ ტრადიციულ პლატფორმად იქცა.