დავით ზალკალიანი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

26.12.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართული მედიის წარმომადგენლებს შეხვდა და სამინისტროს მიერ გასული წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობასა და ქვეყნის მიერ საგარეო პოლიტიკის ყველა პრიორიტეტული მიმართულებით მიღწეულ მნიშვნელოვან წარმატებებზე ისაუბრა.

დავით ზალკალიანმა ვრცლად მიმოიხილა 2018 წლის საქმიანობის შედეგები, ახალი ინიციატივები და 2019-22 წლების საგარეო პოლიტიკის სტრატეგიასთან დაკავშირებული საკითხები.

მინისტრის თქმით, 2018 წელი წარმატებული იყო საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობის კუთხით და განსაკუთრებული მნიშვნელობის მიღწევა იყო ევროკავშირი-საქართველოს უმაღლესი დონის, უპრეცედენტო ფორმატი, რომელიც ევროკავშირმა მხოლოდ საქართველოსთან ჩამოაყალიბა; 2018 წელს ხელი მოეწერა ორ საფინანსო შეთანხმებას, რომლებიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის ჯამში 97 მილიონ ევრომდე დახმარების გამოყოფას ითვალისწინებს. ასევე განისაზღვრა ევროკავშირის დახმარების ოდენობა 2018 წლის სამოქმედო გეგმის ფარგლებში, რომელიც უპრეცედენტოა თავისი მასშტაბებით და ითვალისწინებს 134 მილიონი ევროს ოდენობის დახმარების გამოყოფას. მინისტრმა აღნიშნა, რომ „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნებიდან პირველად საქართველოში გაიხსნა ევროპული სკოლა. მინისტრის თქმით, მიმდინარეობდა აქტიური მუშაობა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკაზე ყველა შესაბამისი უწყების, პარლამენტისა და სამოქალაქო სექტორის ჩართულობით.

დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო აგრძელებდა ქმედითი ნაბიჯების გადადგმას ქვეყნის ნატოში გაწევრიანების მიმართულებით.

„პირველად საქართველო-ნატოს ურთიერთობების ისტორიაში, ჩვენ გვქონდა უპრეცედენტო ფორმატი - ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველო წარმოდგენილი იყო სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრის დონეზე და თემატიკა, რომელიც მიძღვნილი იყო საქართველოს და უკრაინის საკითხებისადმი უაღრესად მნიშვნელოვანია, რადგან ის იყო ფოკუსირებული შავ ზღვაზე უსაფრთხოების მიმართულებებზე. უნდა აღინიშნოს, რომ შედეგების თვალსაზრისითაც ეს სამიტი იყო გამორჩეული, რადგან უმაღლეს დონეზე პირველად იქნა მიღებული შინაარსობრივი თვალსაზრისით და მოცულობის კუთხით, მნიშვნელოვანი დოკუმენტი - დეკლარაცია, რომელშიც ასახულია საქართველოს ნატოში ინტეგრაციის ყველა ძირითადი პრიორიტეტული მიმართულება და უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებული რეფორმები. აღსანიშნავია, რომ პრაქტიკული განზომილების თვალსაზრისითაც ამ დოკუმენტში გვაქვს ხელშესახები შედეგები“ - განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ასევე სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავებაზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით, 2018 წლის განმავლობაში აქტიურად და რეგულარულად გამოიყენებოდა ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფორმატები საქართველოს მთავარი გამოწვევის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით:  საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხი მიმდინარე წელს რამდენჯერმე იყო განხილული გაეროს უშიშროების საბჭოს ფორმატებში; 81-მდე გაიზარდა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს მიერ ინიცირებული ყოველწლიური რეზოლუციის „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ მხარდამჭერთა რაოდენობა; ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1315-ე სხდომაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომელშიც კიდევ ერთხელ დაფიქსირდა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ; ეუთოს საპარლამენტო ასამბლეამ 27-ე სესიის ფარგლებში მიიღო რეზოლუცია რუსეთ-საქართველოს ომის ათი წლისთავთან დაკავშირებით, ასევე ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფის მიერ გაკეთდა შესაბამისი განცხადება; ომის ათი წლისთავზე საქართველოს ესტუმრნენ ლატვიის, ლიეტუვის, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები და უკრაინის ვიცე-პრემიერი; ამოქმედდა აშშ-ის კონსოლიდირებული ასიგნებების აქტი, რომელიც აშშ-ის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების გამო ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს; საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციები იქნა მიღებული მათ შორის ევროპარლამენტის, ირლანდიის სენატის, ლიეტუვას და პოლონეთის სეიმების მიერ.

დავით ზალკალიანმა მიმოიხილა საქართველოს მიერ ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების კუთხით არსებული დინამიკა. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავებასა და ევროპის ქვეყნებთან არსებული აქტიური თანამშრომლობის კიდევ უფრო მაღალ დონეზე აყვანაზე. მისი თქმით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა ასევე მეზობელ ქვეყნებთან, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის, აზიისა და ოკეანეთის, ლათინური ამერიკისა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების განსამტკიცებლად.

“უპრეცედენტო წელი იყო ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის თვალსაზრისით, რაც გამოიხატა როგორც ინტენსიური მაღალი დონის კონტაქტებით, ასევე, მტკიცე ორპარტიული პოლიტიკური მხარდაჭერით ვაშინგტონის მხრიდან. განსაკუთრებით აღსანიშნავია მაღალი დონის ურთიერთობების სიხშირე როგორც ვიზიტების, ისე განცხადებების კუთხით, შინაარსისა და შესაფერისი დროის გათვალისწინებით. განსაკუთრებით გამოვყოფდი კონგრესის მიერ მიღებულ საქართველოს მხარდამჭერ აქტს, რომელიც უპრეცედენტოა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში, რადგან პირველი შემთხვევაა, როდესაც მგსავსი შინაარსის მატარებელი საკანონდებლო აქტის მიღება ხდება აშშ-ის კონგრესში. მოგეხსენებათ მიმდინარე წელს საქართველოს მხარდამჭერი არაერთი რეზოლუციაა დაამტკიცა კონგრესმა, მაგრამ აღნიშნული დოკუმენტი გახლავთ უფრო მაღალი მნიშვნელობის მატარებელი, მათ შორის, მისი  შინაარსით“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით, მნიშვნელოვანია საქართველო-აშშ-ის პოლიტიკური ურთიერთობების უპრეცედენტო დონე და კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერა შესაბამისობაში იყოს მოყვანილი ეკონომიკურ განზომილებასთან და ამ მიმართულებით მომავალ წელს დაგეგმილია ქმედითი ნაბიჯების განხორციელება.  
 
მინისტრმა განსაკუთრებით გამოყო თანამშრომლობის ახალი ფორმატები ევროპელ პარტნიორებთან, მაღალი დონის ვიზიტების მზარდი დინამიკა და გაღრმავებული ურთიერთობები ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებით.

დავით ზალკალიანის თქმით, ქმედითი და დაბალანსებული რეგიონული პოლიტიკის წყალობით საქართველო აგრძელებდა და ავითარებდა სტრატეგიულ პარტნიორობას მეზობელ თურქეთთან და აზერბაიჯანთან, დამყარდა პირველი კონტაქტები სომხეთის რესპუბლიკის ახალ მთავრობასთან.

მინისტრმა ისაუბრა ეკონომიკური დიპლომატიის გააქტიურების მნიშვნელობაზე, ამ მხრივ მიღწეულ შედეგებზე და აღნიშნა, რომ მომავალი წელიც იქნება ისეთივე დატვირთული, რასაც ხელს შეუწყობს სამინისტროს კონკრეტული ინიციატივები.

დავით ზალკალიანის განცხადებით, 2018 წლის განმავლობაში სამინისტრო საერთაშორისო საზოგადოებას აქტიურად აცნობდა ქვეყნის ისტორიასა და კულტურას. განსაკუთრებით აღსანიშნავი იყო ის უპრეცედენტო რაოდენობის ღონისძიებები, რაც მსოფლიოს მასშტაბით გაიმართა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ასი წლისთავის აღსანიშნავად. მისი თქმით, მომავალშიც იგეგმება არაერთი მასშტაბური ღონისძიება, რაც ხელს შუწყობს საქართველოს ცნობადობის ამაღლებას.

მინისტრმა ისაუბრა საკონსულო საქმიანობის შესახებ,  საზღვარგარეთ საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასა და მათი ინტერესების რეალიზაციაზე, ამ მიმართულებით  სამინისტროს მიერ გადადგმულ ქმედით ნაბიჯებზე და ახალ ინიციატივებზე.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა დიასპორასთან ურთიერთობა. „სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დასამყარებლად. 2019 წლისთვის ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი ინიციატივები, როგოც მოქალაქეთა ლეგალური დასაქმების თვალსაზრისით, ისე დიასპორული ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

მინისტრის თქმით, საგარეო უწყებაში წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და გრძელდება მასშტაბური ინსტიტუციური რეფორმები, იმისათვის, რომ გაუმჯობესდეს სამინისტროს საქმიანობა და მოხდეს ინოვაციური, კრეატიული და შედეგზე ორიენტირებული დიპლომატიური სამსახურის განვითარების ხელშეწყობა.  
 

[Error loading the control 'Repeater', check event log for more details]

[DataConnection.HandleError]:

Query:
SELECT TOP 5 * FROM View_CONTENT_News_Joined WHERE [NodeSiteID] = @NodeSiteID AND ((CategoryId=) AND (DocumentID != '')) AND ([Published] = @Published AND (NodeAliasPath LIKE N'/News/%') AND [DocumentCulture] = @DocumentCulture) ORDER BY NewsReleaseDate DESC

Caused exception:
Incorrect syntax near ')'.