დავით ზალკალიანი ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს, როუზ გოტმიოლერს შეხვდა

4.09.2019 ქ. ბათუმი - საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრა გამართა ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერთან.

შეხვედრაზე მხარეებმა იმსჯელეს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და ქვეყნის შიგნით მიმდინარე ყოვლისმომცველ რეფორმებზე. დავით ზალკალიანმა როუზ გოტმიოლერს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ, მათ შორის ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის გააქტიურებასა და იქ შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობაზე.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებული საკითხების ფართო სპექტრი. შეხვედრაზე ყურადღება ასევე გამახვილდა საქართველოს როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელოვან წვლილზე საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოებაში და აღინიშნა შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით საქართველოსა და ნატო-ს თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობაზე.