დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკას ეწვევა

23-24 ოქტომბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი პოლონეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვედრებს გამართავს პოლონეთის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. 

დაგეგმილია შეხვედრა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან იაცეკ ჩაპუტოვიჩთან, რომლის ფარგლებშიც ასევე გაიმართება თბილისის კონფერენციის რიგით მესამე შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ თბილისის კონფერენცია გახლავთ საქართველოსა და პოლონეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის რეგულარული ფორმატი, რომელიც ემსახურება საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის გამოცდილების გაზიარებას და მისი როლისა და დახმარების ამაღლებას. ფორმატი 2015 წელს დაფუძნდა. 
პოლონეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, დავით ზალკალიანი მონაწილეობას მიიღებს ასევე ვარშავის უსაფრთხოების ფორუმში და სიტყვით წარსდგება  მინისტრების სესიაზე, რომელიც ევროპის უსაფრთხოებას ეძღვნება. მაღალი რანგის საერთაშორისო ფორუმში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან ერთად მონაწილეობენ პოლონეთის, უკრაინის, ლიეტუვის და მოლდოვას საგარეო საქმეთა მინისტრები.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება მინისტრის შეხვედრები  პოლონეთის პრეზიდენტის კანცელარიაში,  პოლონეთის  სენატსა და სეიმში. მარშალებთან  სტანისლავ კარჩევსკისთან და  მაკ კუხჩინსკისთან. 

საგარეო საქმეთა მინისტრი, დელეგაციის წევრებთან ერთად,  პატივს მიაგებს და გვირგვინით შეამკობს უცნობი ჯარისკაცის საფლავს და სმოლენსკის მემორიალს.
აღსანიშნავია, რომ დავით ზალკალიანი საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში პოლონეთის რესპუბლიკას პირველად ეწვევა.