დავით ზალკალიანი პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს შეხვდა

7.05.2018 ქ. თბილისი - ​საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ბარტოშ ჩიხოცკისთან. 

შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ტრადიციულ მეგობრულ ურთიერთობებს, რაც აისახება სხვადასხვა მიმართულებით მიმდინარე წარმატებულ თანამშრომლობაზე, მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

მხარეებმა აღნიშნეს, რომ ინტენსიური პოლიტიკური და ხალხთაშორისი კავშირები ეკონომიკური ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების კარგ საფუძველს იძლევა. ყურადღება გამახვილდა ორმხრივი თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტურიზმი, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, ტექნოლოგიები და სხვ. ამასთან, განხილულ იქნა  მიმდინარე წელს მაღალი დონის ვიზიტების განხორციელების შესაძლებლობები.

საუბრის დიდი ნაწილი დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ვითარებას. დავით ზალკალიანმა დეტალურად ისაუბრა აღნიშნული კუთხით არსებულ გამოწვევებზე და ამ კონტექსტში, ყურადღება გაამახვილა ჟენევის მოლაპარაკებების მიმდინარეობის პროცესზე. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა, რომ პოლონეთი იზიარებს საქართველოს მთავრობის კონსტრუქციულ პოლიტიკას კონფლიქტების მშვიდობიანი გზით დარეგულირებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბარტოშ ჩიხოცკი, ვიზიტის ფარგლებში, სოფელ ხურვალეთს ესტუმრება და ადგილზე გაეცნობა საოკუპაციო ხაზთან არსებულ მდგომარეობას.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკურ პროცესი. დავით ზალკალიანმა პოლონეთის დელეგაციას გააცნო ქართული მხარის მოლოდინები ნატო-ს მომავალ სამიტთან დაკავშირებით. ბარტოშ ჩიხოცკიმ, თავის მხრივ, აღნიშნა, რომ დასაფასებელია ის წვლილი, რომელიც საქართველოს შეაქვს ევროატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში. მისივე თქმით, პოლონეთი გააგრძელებს როგორც ნატო-ს, ისე ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკისა და საქართველოს ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერას.