დავით ზალკალიანი პოლონეთის სენატის მარშალს შეხვდა

24.10.2018 პოლონეთი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი პოლონეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა პოლონეთის სენატის მარშალს სტანისლავ კარჩევსკის. შეხვედრაზე მხარეებმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვეს ორი ქვეყნის განსაკუთრებულ ურთიერთობებს, რასაც  თავის მხრივ ამყარებს საქართველოსა და პოლონეთის პარლამენტებს შორის არსებული უაღრესად მეგობრული კავშირები.   ამის გამოხატულება იყო 2017 წელს ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს შორის პარტნიორობის შესახებ გაფორმებული შეთანხმება, ასევე საქართველო-პოლონეთის საპარლამენტო ასამბლეის დაფუძნება, რომლის წესდებასაც პოლონეთი სეიმის მარშალის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტისას, მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში მოეწერება ხელი. 
 
დადებითი შეფასება მიეცა ორი საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფების საქმიანობას.  

კიდევ ერთხელ აღინიშნა პოლონეთის განსაკუთრებული როლი ‘"აღმოსავლეთ პარტნიორობაში“ და საქართველოს როგორც ლიდერის პოზიციები ამ ფორმატში. დადებითი შეფასება მიეცა საქართველოს პროგრესს და ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში გატარებულ რეფორმებს.  კიდევ ერთხელ აღინიშნა პოლონეთის მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესისადმი. 
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა  სენატის მარშალს ინფორმაცია მიაწოდა უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მიმართულებით საქართველოს ოუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ვითარებაზე, რუსეთის ანექსიურ პოლიტიკაზე საქართველოს ტერიტორიების მიმართ. კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას, მათ შორის საუბარი შეეხო ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. აღინიშნა, რომ ადგილზე მშიდობისა და სტაბილურობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა და ამ მხრივ განსაკუთრებით აღინიშნა პოლონეთის ურყევი და აქტიური მხარდაჭერა ყველა ფორმატში.
 
მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი  ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად,  ​ გნსაკუთრებით ხალხთაშორისი კავშირების, ეკონომიკის, განათლების და კულტურის მიმართულებით.