დავით ზალკალიანი: პრეზიდენტთან ერთად, თანმიმდევრულად გავაგრძელებთ ჩვენი ხალხის მიერ არჩეულ გზას, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან , სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში

16.12.2018 ქ.თბილისი-  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, დღეს საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი დღეა, რადგან პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს ფიცს და საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდება ხელისუფლების ცივილური და ევროპულ ფორმებში გადაცემა.

მინისტრის განმარტებით, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ დღეიდან ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია და ქვეყანა ახალ  საპარლამენტო მოდელზე გადადის.

„პირველ რიგში, მინდა დღევანდელი დღე მივულოცო არჩეულ პრეზიდენტს ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს. ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი ქალი პრეზიდენტი დადებს დღეს ფიცს და საქართველოს ისტორიაში ასევე პირველად მოხდება ცივილიზებულ , ევროპულ ფორმებში ხელისუფლების გადაცემა , ერთი ციკლის დასრულება,  ერთი პრეზიდენტი გადასცემს ხელისუფლებას მეორე პრეზიდენტს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძალაში შედის ახალი კონსტიტუცია, ფიცის დადების შემდეგ. ჩვენ გადავდივართ საპარლამენტო მოდელზე. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს რაც გაწერილი არის ახალი კონსტიტუციით, პრეზიდენტს და მთავრობას შორის კოორდინაცია, იყოს შესაბამისი საქართველოს კონსტიტუციასთან, მთავარ აქტთან. მნიშვნელოვანია ისიც, რომ კონსტიტუციაში არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენს ახალარჩეულ პრეზიდენტთან , მთავრობას, კერძოდ საგარეო პოლიტიკის მიმართულებით და ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა საქართველოს პრეზიდენტის,  გვექნება ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა, კოორდინაცია იმისთვის, რომ გავაგრძელოთ თანმიმდევრულად ჩვენი ხალხის მიერ არჩეული გზა, რაც გულისხმობს საქართველოს სრულფასოვან , სწრაფ ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ინაუგურაციაზე დასასწრებად ჩამოსული დელეგაციების შესახებაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ საქართველოს სხვადასხვა ქვეყნებიდან საკმაოდ წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვია. მინისტრმა ყველა ამ პარტნიორი  ქვეყანის მიმართ , კიდევ ერთხელ გამოხატა დიდი მადლიერება.

„რაც შეეხება სტუმრებს, რა თქმა უნდა ჩვენ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ , საელჩოების მეშვეობით მყისიერად დავაგზავნეთ მოსაწვევი საქართველოში აკრედიტირებული ყველა საელჩოს მეშვეობით და ასევე  ჩვენი საელჩოს საშუალებით. რაც შეიძლება მაქსიმალურად რომ უზრუნველყოფილიყო მაღალი დონის სტუმრების ჩამოსვლა. მე მინდა მადლიერება გამოვხატო ყველა იმ ქვეყნის მიმართ, რომელმაც მოავლინა საქართველოში დელეგაცია. ჩვენ გვყავს მართლაც საკმაოდ წარმომადგენლობითი სტუმრები, ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან. 60-მდე ქვეყნის 170 წარმომადგენელი არის, რომელიც მონაწილეობს მიიღებს საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაციაში. 20-ზე მეტმა ქვეყანამ მოავლინა მაღალი დონის დელეგაცია და მნიშვნელოვანია, რომ ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მოგეხსენებათ, რომ მსოფლიოში სერიოზული პროცესები მიმდინარეობს, ძალიან დიდი შეკრებები იმართება პარალელურად. მოგეხსენებათ, რომ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტიც მიმდინარეობდა ამ დღეებში, ასევე დიდი ფორუმები მიმდინარეობს და ყველამ , ვინც გამონახა შესაძლებლობა და საქართველოს ეწვია დღევანდელ დღეს, ყველა ამ დელეგაციის მიმართ , მინდა უღრმესი მადლიერება გამოვხატო“-განმარტა დავით ზალკალიანმა.