დავით ზალკალიანი რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო

29.11.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი რუმინეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო. რუმინეთის საელჩოს მიერ გამართულ ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს მან სიტყვით მიმართა.

„ჩემთვის დიდი პატივია თქვენთან ერთად აღვნიშნო რუმინეთის დიდი გაერთიანების დღის 100 წლისთავი. სიმბოლურია, რომ წელს საქართველოც აღნიშნავს უმნიშვნელოვანეს თარიღს - პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. ჩვენი ერები საერთო რწმენას და ფასეულობებს იზიარებენ, ხოლო ჩვენი მეგობრობის სიმბოლოა წმინდა ანთიმოზ ივერიელი“ - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და რუმინეთს შორის არსებული პოლიტიკური ურთიერთობების ინტენსიურობას და რუმინეთის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული  და ევროატლანტიკური კურსის მტკიცე მხარდაჭერას.

დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საქართველო და რუმინეთი ისტორიულად არიან შავი ზღვით დაკავშირებულნი და მნიშვნელოვანია ამ კუთხით ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის სრული პოტენციალის გამოყენება.

საგარეო საქმეთა მინისტრმა წარმატებები უსურვა რუმინეთს ევროკავშირის საბჭოს მომავალი თავმჯდომარეობის პერიოდში.