დავით ზალკალიანი რუმინეთში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

3.03.2019 ბუქარესტი - რუმინეთში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა რუმინეთში მცხოვრებ ქართველებთან.

დიასპორასთან შეხვედრა რუმინეთში საქართველოს საელჩოში გაიმართა. მინისტრმა დიასპორის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველო-რუმინეთის ორმხრივი ურთიერთობების შესახებ და მათ გაღრმავებაში დიასპორის წარმომადგენელთა როლს გაუსვა ხაზი. საუბარი ასევე შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს, ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეულ წარმატებებს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების სახით არსებულ გამოწვევას.


მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამედროვე დემოკრატიული, ევროპული ტიპის საქართველოს ჩამოყალიბებაში დიასპორის უმნიშვნელოვანეს როლზე და საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სწორედ დიასპორასთან კავშირების გაღრმავება დაასახელა. მან ისაუბრა ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობის ინიციატივებზე, რაც ხელს უწყობს დიასპორის გაძლიერებას და სამშობლოსთან მათი კავშირის განმტკიცებას.

მინისტრმა აღნიშნა, რომ როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ვალდებულნი არიან ყოველდღიურ კომუნიკაციაში იყვნენ დიასპორასთან.

საუბარი შეეხო საზღვარგარეთ საქართველოს კულტურის პოპულარიზაციას და იმიჯის ამაღლებას, რუმინეთთან კულტურული და ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო განვითარებას, მათ შორის, რუმინელი ტურისტების საქართველოთი დაინტერესების საკითხს.

მინისტრისა და დიასპორის წარმომადგენელთა შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა​.