დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიაში ეუთოს თავჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

19.12.2018 თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიაში ეუთო-თავმჯდომარეობის სპეციალურ წარმომადგენელსა და ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარესთან, რუდოლფ მიხალკასთან.

შეხვედრისას განხილულ იქნა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრების განახლებას ფუძემდებლური პრინციპების სრული დაცვით და ხაზი გაუსვა თანათავმჯდომარეების ძალისხმევას ამ პროცესში. მხარეებმა ასევე აღნიშნეს გალის მიმართულებით ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის დაუყოვნებლივი აღდგენის აუცილებლობა.

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობაზე. ხაზი გაესვა რუსეთ-საქართველოს ომიდან ათი წლის თავზე აღნიშნულ ფორმატში ძალის არგამოყენების, ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ლტოლვილთა და იძულებთ გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხებზე პროგრესის მიღწევის აუცილებლობას.

 საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ეუთო-ს იტალიის თავმჯდომარეობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აქტიური ჩართულობისთვის და გამოთქვა მზაობა მომავალ წელს სლოვაკეთის თავმჯდომარეობასთან ინტენსიურ თანამშრომლობაზე.

 თავის მხრივ, ეუთო-ს თავმჯდომარეობის სპეციალურმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ სხვა თანათავმჯდომარე ორგანიზაციებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ჟენევის ფორმატში კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული მოლაპარაკებების წარმართვის მიზნით.