დავით ზალკალიანი: საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, აქვს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან

05.04.2018 თბილისი - „ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ პირველ რიგში გულისხმობს, რომ საქართველო სამშვიდობო პოლიტიკის ერთგულია.  ეს ინიციატივები მიმართულია იქითკენ, რომ რეგიონში გამყარდეს სტაბილურობა,  საქართველოს ოკუპირებული რეგიონები რაც შეიძლება ფართოდ ჩაერთონ იმ პოზიტიურ ინიციატივებში და იმ სიკეთეებში, რომელსაც საქართველო მიიღებს  ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე.“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა, მთავრობის ახალი სამშვიდობო ინიციატივის შეფასებისას განაცხადა.

მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით   საერთაშორისო თანამეგობრობის  პოზიტიურ გამოხმაურებებს, მათ შორის  ევროკავშირისა და საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან.  
 
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ინიციატივას აქვს უაღრესად პოზიტიური გამოხმაურება საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. გაკეთდა ევროკავშირის განცხადებები, ასევე მას გამოეხმაურა ჩვენი მთავარი  სტრატეგიული პარტნიორი, ამერიკის შეერთებული შტატები.  მხარდაჭერა დაფიქსირდა საქართველოს ვიცე-პრემიერის შეხვედრაზე სახელმწიფო დეპარტამენტში, სადაც აშშ-ის მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა მხარდაჭერა აღნიშნულ ინიციატივაზე. ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“ არის   სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია  საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერა და ჩართულობა, აღნიშნული ინიციატივით გათვალისწინებული ყველა ინსტრუმენტის  ამოქმედებისა და დოკუმენტის რეალიზებისათვის.