დავით ზალკალიანი საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა

26.03.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა,  დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ტადაჰარუ უეჰარასთან.
 
შეხვედრისას მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს 2019 წლის 13-15 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის იაპონიაში განხორციელებული ნაყოფიერ ვიზიტთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა ვიზიტის ფარგლებში ჩატარებულ იაპონია-საქართველოს ბიზნეს-ფორუმის მნიშვნელობას, რომელშიც 150-მდე კომპანიის  წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა. აღინიშნა ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების მნიშვნელობა, რისთვისაც საქართველოს და იაპონიის მთავრობებს კიდევ უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა ესაჭიროებათ, განსაკუთრებით იაპონიაში საქართველოს, როგორც ბიზნესის კეთებისთვის ხელსაყრელი ქვეყნის შესახებ ცნობადობის ამაღლების კუთხით. თავის მხრივ, აღინიშნა, რომ საჭიროა იაპონური კერძო სექტორის მეტი წახალისება საქართველოში ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით.
 
საუბარი ასევე შეეხო საქართველოს და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) შორის ურთიერთობას. საქართველოს მხარემ მადლიერებით აღნიშნა ჯაიკა-ს დიდი წვლილი საქართველოში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებაში. ამასთან ყურადღება გამახვილდა მომავალი, ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის აუცილებლობაზე.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა და საქართველოში იაპონიის ელჩმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის განათლების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე. გამორჩეული ადგილი დაეთმო კადრების პროფესიული განათლების და გადამზადების  საკითხს.
 
შეხვედრის დასასრულს მხარეებმა აღნიშნეს, რომ საქართველოს და იაპონიას შორის ურთიერთობა, უკანასკნელ პერიოდში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი მოვლენის გათვალისწინებით, თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა და გამოთქვეს მზადყოფნა კვლავ განაგრძნონ მჭიდრო თანამშრომლობა, ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით.