დავით ზალკალიანი საქართველოში ინდოეთის რესპუბლიკის ელჩს იოგეშვარ სანგვანს შეხვდა

18.06.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიიღო ინდოეთის რესპუბლიკის  ელჩი საქართველოში (რეზიდენციით  ქ. ერევანი)  იოგეშვარ სანგვანი , რომელიც მიმდინარე წლის 1 ივლისს ასრულებს თავის მოღვაწეობას საქართველოში ელჩის რანგში.

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და  ინდოეთს შორის ორმხივი და მრავალმხრივი ურთიერთობების საკითხები და შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივები. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ინტენსიურად ვითარდება. ხაზი გაესვა პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის არსებული პოტენციალის გამოყენების აუცილებლობას და ამ კონტექსტში, უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების განხორცილების მნიშვნელობას. მინისტრმა გადასცა ელჩს მისალოცი წერილის ორიგინალი ინდოეთის ახალადდანიშნული საგარეო საქმეთა მინისტრის სახელზე და აღნიშნა, რომ მოხარული იქნება უმასპინძლოს თავის კოლეგას საქართველოში. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ასევე, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე (Free Trade Agreement - FTA) მოლაპარაკებების დასრულებაზე, რაც ხელს შეუწყობს ორმხრივი ვაჭრობის შემდგომ გაფართოებას.

შეხვედრაზე ორივე მხარემ კმაყოფილება გამოხატა, რომ საქართველო და ინდოეთი წარმატებით თანამშრომლობენ მრავალმხრივ ფორმატშიც, განსაკუთრებით საერთაშორისო ორგანიზაციებში ერთმანეთის ინიციატივების და კანდიდატურების მხარდაჭერის თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა იოგეშვარ სანგვანს საქართველო-ინდოეთის ურთიერთობების განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და  გამოთქვა იმედი, რომ ორ ქვეყანას შორის პარტნიორობა და ნაყოფიერი თანამშრომლობა მომავალშიც წარმატებით გაგრძელდება. მინისტრმა ინდოეთის ელჩს  წარმატებები უსურვა მის მომავალ საქმიანობაში.

დღესვე ინდოეთის ელჩი საქართველოში იოგეშვარ სანგვანი მიიღო საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ.