დავით ზალკალიანი შეხვედრებს მართავს გერმანიის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში

03.07.2018 ქ. ბერლინი -  ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს მართავს გერმანიის ანალიტიკურ და კვლევით ცენტრებში. 

ფრიდრიხ ებერტის პოლიტიკურ ფონდში სიტყვით გამოსვლის შემდეგ დავით ზალკალიანმა შეხვედრები გამართა კოერბერის კვლევითი ცენტრისა და მეცნიერებისა და პოლიტიკის ცენტრის წარმომადგენლებთან.

საქართველოს საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ასევე ჰქონდეს გერმანიის ანალიტიკური ცენტრების მხარდაჭერა, რომლებიც დიდ გავლენას ახდენენ შემდგომ გერმანიის მთავრობის პოზიციის ფორმირებაშიც მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით.

„ეს არის წამყვანი ანალიტიკური ცენტრები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ გერმანიის მთავრობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბუნებრივია გამოვიყენეთ შესაძლებლობა, რომ ექსპერტებისთვის მოგვეთხრო იმის შესახებ თუ რა მდგომარეობაა შექმნილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში. ასევე ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს რეგიონში და რეგიონს მიღმა. საუბარი იყო ასევე საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებზე, აღსანიშნავია, რომ ჩვენ გვაქვს მათი მხრიდან აბსოლუტური გაგება, სოლიდარობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნაბიჯები, რომელსაც ჩვენ ვდგამთ კონფლიქტის მშვიდობიან დარეგულირებასთან დაკავშირებით არის უალტერნატივო და რომ ამაში ჩვენ გვჭირდება ჩვენი ევროპელი პარტნიორების განსაკუთრებული მხარდაჭერა. საუბარი იყო იმაზე, რომ ეს საკითხები რომელიც აქტუალურია ჩვენთვის იყოს ასევე აქტუალური მათი დღის წესრიგისთვის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. მისი თქმით გერმანული ცენტრების მხრიდან გამოიხატა მზაობა მომავალში განაგრძონ თანამშრომლობა საქართველოს საკითხების აქტუალიზაციის მიმართულებით.