დავით ზალკალიანი შვედეთის ევროკავშირის საქმეთა სახელმწიფო მდივანს შეხვდა

 
4.11.2019 შვედეთი- შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა შვედეთის პრემიერ-მინისტრის კაბინეტში ევროკავშირის საქმეთა სახელწმიფო მდივანთან პაულა კარვალო ოლოვსონთან .

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები, კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა  შვედეთის განსაკუთრებულ როლს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის მიზნების განხორციელების გზაზე. მინისტრმა მადლობა  გადაუხადა შვედეთს, როგორც „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ინიციატორ ქვეყანას და ხაზი გაუსვა შვედეთის ჩართულობის მნიშვნელობას აღმოსავლეთ პარტნიორობის პოლიტიკის მომავლისა და ახალი სტრატეგიული ხედვის ჩამოყალიბებაში. 

შეხვედრაზე ერთხმად აღინიშნა, რომ  „აღმოსავლეთ  პარტნიორობა“ ისტორიული ინიციატივა იყო, რომელიც მნიშვნელოვან როლს  ასრულებს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების პროცესში. ხაზი გაესვა შვედეთის მნიშვნელოვან ძალისხმევას ევროკავშირის ცალკეულ ინსტიტუტებთან და სტანდარტებთან საქართველოს დაახლოების გზაზე, რაც მრავალი მიმართულებით განხორციელებულ პრაქტიკულ დახმარებაშიც გამოიხატება. 

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა იმ მნიშვნელოვან პროგრესს, რასაც საქართველომ მიაღწია აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში და ზოგადად ევროპული ინტეგრაციის გზაზე. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა შვედურ მხარეს გააცნო საქართველოს პრიორიტეტები აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და აღნიშნა რომ საქართველო დაინტერესებულია ევროკავშირთან მეტი ფუნქციური ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. საუბარი ასევე შეეხო ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის წარმატებულ პროცესს, ასევე საქართველოს მთავრობის ინიციატივას ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, რაც მიზნად ისახავს სწორედ რომ მეტ ფუნქციურ და ინსტიტუციურ დაახლოებას ევროკავშირთან.

შვედურმა მხარემ გამოხატა მზაობა  მომავალშიც განაგრძოს საქართველოს დახმარება და მხარდაჭერა ევროპული ინტეგრაციის გზაზე რეფორმების განხორციელების კუთხით.
შეხვედრაზე ასევე მიმოიხილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობა, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და მისი მშვიდობიანი მოგვარების პროცესში ევროკავშირის ჩართულობის მნიშვნელობა. აღინიშნა როგორც საერთაშორისო დღის წესრიგში, ასევე  რუსეთთან ორმხრივი ურთიერთობის ფორმატში საქართველოს საკითხის აქტუალიზაციის  და ადგილზე შექმნილ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებაზე სათანადო რეაგირების მნიშვნელობა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვედურ მხარეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში აქტიური ჩართულობისთვის რაც უზრუნველყოფს ადგილზე სტაბილურობას და უსაფრთხოებას.

შვედეთის სამეფოში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წელთან დაკავშირებით შვედეთის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, ასევე შეხვედრებს გამართავს შვედეთის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ასევე შვედეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელთან. დავით ზალკალიანის ვიზიტი შვედეთის სამეფოში  8 წლიანი პაუზის შემდეგ 2019 წლის 3-6 ნოემბერს ხორციელდება.