დავით ზალკალიანი სომეხ კოლეგას შეხვდა

24.07.2019 თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სომეხ კოლეგასთან ზოჰრაბ მნაცაკანიანთან, რომელიც საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. შეხვედრაზე მინისტრებმა მიმოიხილეს  ორ ქვეყანას  შორის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგი.

საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელის შეფასებით კოლეგის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში ხაზს უსვამს საქართველო-სომხეთს შორის არსებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ ურთიერთობებს და სამომავლოდ მათი განმტკიცების სურვილს.

„მინდა მივესალმო ჩვენს მეგობარს, სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, თბილისში. ეს არის მისი პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, რაც არის ხაზგასმა იმისა, თუ რაოდენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს და ჩვენი ისტორიული, მეგობრული ურთიერთობების განვითარებას.  გვქონდა უაღრესად შინაარსიანი შეხვედრა, სადაც განვიხილეთ როგორც ორმხრივი ურთიერთობების ყველა ძირითადი საკითხი, ასევე ის საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია მრავალმხრივი ფორმატებისთვის, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველო-სომხეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებს და იმ მნიშვნელოვან პოზიციას, რაც სომხეთს საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის უჭირავს. მინისტრმა ასევე  აღნიშნა სომხეთიდან ვიზიტორების საგრძნობლად გაზრდილი რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ორი ქვეყნის მოსახლეობის მეტ დაახლოებას.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ დადებითი, პოზიტიური დინამიკის შენარჩუნება, რომელიც ბოლო პერიოდში განსაკუთრებით აქტიური მიმართულებით ვითარდება. მოგეხსენებათ, რომ სომხეთი არის საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის მნიშვნელოვან მოწინავე პოზიციებზე. საგრძნობლად არის გაზრდილი სომხეთიდან ვიზიტორების ნაკადი. ისტორიულად ჩვენს შორის ყოველთვის არსებობდა უაღრესად მეგობრული, მჭიდრო ურთიერთობები და ამის შემდგომი განვითარება უაღრესად პრიორიტეტული და აქტუალურია“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და სომხეთის მთავრობებს შორის ბოლო პერიოდში ჩამოყალიბებულ აქტიურ კომუნიკაციას, რაც აისახა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკაში. მინისტრმა ასევე დადებითი შეფასება მისცა საქართველო-სომხეთს შორის ეკონომიკური სამთავრობო კომისიის საქმიანობას და გამოთქვა მზაობა ხელი შეუწყოს  სხვადასხვა სფეროში ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

„მინდა ჩემი კმაყოფილება გამოვთქვა, იმ დადებითი დინამიკისთვის, რაც არსებობს ჩვენ ურთიერთობებში. ჩვენი პრემიერ-მინისტრები ძალზედ აქტიურ დიალოგში არიან ერთმანეთში, იყო რამდენიმე ვიზიტი. ჩვენი პრეზიდენტებიც აქტიურად ურთიერთობენ, რამდენიმე კვირის წინ იყო სომხეთ-საქართველოს  მთავრობათაშორისი კომისიის მეათე სხდომა, რომელიც ძალზედ შინაარსიანი იყო და ბევრი საკითხი მოიცვა.  ჩვენ, ვცდილობთ სხვა წრეების დაკავშირებასაც, კერძოდ მნიშვნელოვანია ბიზნეს წრეების დაახლოება, ასევე მნიშვნელოვანია პარლამენტთაშორისი ურთიერთობის პლატფორმაც, ჩვენ როგორც საგარეო საქმეთა უწყებები ყველანაირად ვცდილობთ აქტიურ ფაზაში იყოს ორმხრივი ურთიერთობები“ - განაცხადა ზოჰრაბ მნაცაკანიანმა და აღნიშნა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და ხაზი გაუსვა კონფლიქტების დარეგულირების მშვიდობიან პოლიტიკას. მან ქართველი  კოლეგა ვიზიტით სომხეთში მიიწვია. 

საქართველოს, ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, სომხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ზოჰრაბ მნაცაკანიანი ეწვევია.  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ,  ზოჰრაბ მნაცაკანიანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მამუკა ბახტაძესთან და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან, არჩილ თალაკვაძესთან.

სომხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი გვირგვინით შეამკობს საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპული გმირების მემორიალს. ის ასევე ეწვევა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს და შეხვდება სომხური დიასპორის წარმომადგენლებს.