დავით ზალკალიანი ურუგვაიში ქართული ისტორიული დიასპორის შთამომავლებს შეხვდა

19.03.2019 მონტევიდეო -  საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის ნიკო ნაკაშიძის შვილიშვილს- ხორხელინა სანჩეს-კორეს ნაკაშიძეს და ასევე მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ემიგრირებული ქართველის  შოთა ზედაშიძის შვილს - სუსანა ზედაშიძეს შეხვდა, რომლებიც ურუგვაიში წარმოადგენენ ქართული წარმოშობის ისტორიულ დიასპორას.

როგორც თავად აცხადებენ მათ მრავალი წლის შემდგომ შეძლეს აღედგინათ კავშირები ისტორიულ სამშობლოსთან და შორეულ ნათესავებთან. „როდესაც მამაჩემი შეუძლოდ, გარდაცვალების პირას იყო, მე მას დავპირდი, რომ მისი ნეშთის ფერფლს შავ ზღვაზე მიმოვფანტავდი, ჩემი სურვილია ეს დაპირება რეალობად ვაქციო და ვეწვიო საქართველოს, გავიცნო ჩემი შორეული ნათესავები, რომელთაც სოციალური ქსელის მეშვეობით ვეკონტაქტები“-განაცხადა სუსანა ზედაშიძემ, მან მინისტრს და საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებს დეტალურად გააცნო ურუგვაიში მისი მამის ემიგრაციის ისტორია.

ხორხელინა ნაკაშიძე, ცნობილი ქართველი პოლიტიკური ემიგრანტის ნიკო ნაკაშიძის შვილიშვილი, საქართველოს ხშირად სტუმრობს. როგორც მან შეხვედრაზე აღნიშნა, საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია და მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანაა შეძლო თავი დაეღწია სირთულეებისთვის და მოიპოვა თავისუფლება, რაც მათი წინაპრების ოცნება იყო „სიცოცხლის ბოლო წლებში, როდესაც დედაჩემი საავადმყოფოში უგონოდ იყო, მას ოჯახის წევრები ქართულ ენაზე ესაუბრებოდნენ და მხოლოდ მაშინ რეაგირებდა. როდესაც საქართველოში პირველად ჩამოვედი ისეთი განცდა მქონდა თითქოს ჩემს წინაპრებს ვაბრუნებდი მშობლიურ მიწაზე, პატრიოტიზმი არის სწორედ ის, რამაც მე საქართველოში ჩამომიყვანა“-აღნიშნა ხორხელინა ნაკაშიძემ.

საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა სურვილი გამოთქვა აქტიურად ჩაერთონ ხორხელინა ნიკაშიძე და სუსანა ზედაშიძე საქართველოში დაგეგმილ დიასპორულ ღონისძიებებში, მინისტრმა მიიწვია ისტორიული დიასპორის შთამომავლები საქართველოში და გამოთქვა სურვილი დაეხმაროს მათ წინაპრების ოცნების ასრულებაში. მან ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობისთვის ქართულ დიასპორასთან კავშირების გაღრმავების პრიორიტეტულობას და ამ მხრივ გადადგმულ ნაბიჯებსა და დაგეგმილ ღონისძიებებს.

დავით ზალკალიანმა მათ ასევე მოკლედ გააცნო საქართველოში არსებული ვითარება, ქვეყნის განვითარების ხედვა, რუსეთთან არსებული ურთიერთობები და საქართველოს წარმატებები, მინისტრმა ხაზი გაუსვა მათ მნიშვნელოვან როლს ურუგვაიში საქართველოს შესახებ ცნობადობის ამაღლების საქმეში და აღნიშნა რომ ისინი ურუგვაიში ფაქტობრივად საქართველოს ელჩებს წარმოადგენენ.