დავით ზალკალიანი: ვისაუბრებ საქართველოს როლზე და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში, რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება

14.02.2020  მიუნხენი- საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელსაც ქვეყანა  მაქსიმალურად იყენებს რათა საქართველოში მიმდინარე პროცესები იყოს მიტანილი საერთაშორისო თანამეგობრობამდე,  განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშეა და რომლებიც ქვეყნის  ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარეობს.

„ბუნებრივია ასევე ვისაუბრებთ იმ რეფორმებზე, რომელიც ეკონომიკური მიმართულებით ხორციელდება. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია , აქ დამსწრე საზოგადოებას გავაცნოთ საქართველოს შესახებ არსებული ინფორმაცია. კერძოდ გეოპოლიტიკური მდებარეობიდან გამომდინარე , ინფრასტრუქტურული პროექტებიდან გამომდინარე, სწორედ  ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობას გავუსვათ ხაზი. ბუნებრივია იქნება როგორც ორმხირივი შეხვედრები, ისევე  მონაწილეობას მივიღებთ სხვადასხვა პანელურ დისკუსიებში“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრს დღეს მნიშვნელოვანი შეხვედრები ექნება. ზალკალიანის თქმით, ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან იგეგმება.

„ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა სწორედ  ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან იქნება.  მე ძალიან დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ ამ შეხვედრას, რადგან მოგეხსენებათ, რომ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ და თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა , რომელიც არის სამაგალითო კიდევ უფრო უნდა გამყარდეს, გაძლიერდეს. იგივე ახალი გარემოებებიდან გამომდინარე.  იცით თქვენ , რომ სულ ცოტა ხსნი წინ ჩატარდა თავდაცვის მინისტერიალი ბრიუსელში, სადაც საუბარი იყო ავღანეთში ოპერაციის შემდეგომ მიმდინარეობაზე. საქართველოს მნიშვნელოვანი  წვლილი შეაქვს და მომავალშიც გააგრძელებს  ამ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანას  ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტაბებთან ერთად-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანმა მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი ორმხრივი შეხვედრების პარალელურად, სიტყვით გამოვა პანელზე, სადაც  შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკაზე ისაუბრებს.

„მე დაგეგმილი მაქვს ოცამდე ორმხრივი შეხვედრა, როგორც კოლეგა მინისტრებთან, ასევე სხვადასხვა ექსპერტებთან და ოფიციალურ პირებთან.  ასევე მექნება გამოსვლა პანელზე, რომელიც ეძღვნება შავი ზღვის უსაფრთხოების თემატიკას , სადაც ვისაუბრებ საქართველოს როლზე და ფუნქციაზე შავი ზღვის რეგიონში. რადგანაც მოგეხსენებათ, რომ უსაფრთხოების კონტექსტში  შავ ზღვას განსაკუთრებული როლი ენიჭება.  ჩვენი ფუნქცია განსაკუთრებულად იყო გამოყოფილი  ბოლო სამიტებზე, ბრიუსელის სამიტზე ნატოს უსაფრთხოების კონტექსტში, ასევე საგარეო საქმეთა მინისტერიალის დროს.   ბუნებრივია ამ პანელს აქტიურად გამოვიყენებ შავი ზღვის უსაფრთხოების თემაკიტაზე სასაუბროდ და ასევე საქართველოს როლის წარმოჩენის თვალსაზრისით.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 
14-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც მონაწილეობს მიუნხენის საერთაშორისო უსაფრთხოების 56-ე კონფერენციაში.