დავით ზალკალიანის შეფასებით პრემიერ-მინისტრის ევროკავშირში ვიზიტი ადასტურებს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შეუქცევადობას

19.07.2019 ქ. ბრიუსელი - ​„პრემიერ-მინისტრის ევროკავშირში ვიზიტი არის კიდევ ერთხელ იმის დადასტურება, რომ საქართველო შეუქცევადად ადგას ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რაც დადასტურდა კიდეც პრემიერ-მინისტრის მიერ წარდგენილი ახალი პროგრამით. ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია არის საქართველოს მთავრობის ძირითადი პრინციპების უმთავრესი პრიორიტეტი და ეს ვიზიტი კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ჩვენ გვაქვს ევროკავშირის და ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ძალიან მკაფიო და მყარი მხარდაჭერა“ – საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პრემიერ-მინისტრის ბრიუსელში ვიზიტი და გამართული მაღალი დონის შეხვედრები შეაფასა. 

საგარეო უწყების ხელძღვანელის განცხადებით ევროკომისიაში, ევროპულ საბჭოსა და ნატოს შტაბბინაში გამართული შეხვედრებისას პოზიტიურად იქნა შეფასებული საქართველოს პრიორიტეტები ევროპაში ინტეგრაციის კუთხით. მინისტრის თქმით ასევე დადებითად შეფასდა ის რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ხორციელდება.

დავით ზალკალიანის განცხადებით ევროპელი პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა საქართველოს ამბიციურ გეგმებს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მათი მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოსადმი მხარდაჭერა, რაც მომავალშიც კიდევ უფრო გაიზრდება.

როგორც მინისტრმა აღნიშნა მაღალი დონის შეხვედრებისას საუბარი ასევე შეეხო საგზაო რუკას, რაც მისი თქმით ითვალისწინებს ევროკავშირში უფრო მეტ სექტორალურ ინტეგრაციას, ევროკავშირის სააგენტოებსა და პროგრამებში უფრო აქტიურ ჩართულობას.

„ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან ხაზი გაესვა, რომ მომავალში გააქტიურდება ახალი ფორმატები როგორიც არის უსაფრთხოების სფეროში დიალოგი და ასევე უმაღლესი დონის ფორმატი, რომელიც ნოემბერში გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით. ეს იქნება კარგი შესაძლებლობა, რომ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას ჰქონდეს აქტიური დიალოგი ევროკავშირის პრეზიდენტთან და შესაბამის კომისრებთან სხვადასხვა სფეროში სექტორალური თანამშრომლობის გაღრმავების და განმტკიცების მიმართულებით“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.