დავით ზალკალიანის შეფასებით პროვოკაციული განცხადებები ემსახურებოდა რუსეთის მხრიდან სწორედ იმ რეაქციის გამოწვევას რაც მივიღეთ, სახელმწიფოს ნაბიჯები კი ემსახურებოდა აღნიშნულის პრევენციას

„რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება საქართველოსთვის სანქციების არდაწესებასთან დაკავშირებით მოცემულ სიტუაციაში ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება იყო“  - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.
 
„იმ სიტუაციას, რა სიტუაციაშიც ქვეყანა აღმოჩნდა გარკვეული პირების  უპასუხისმგებლო, დესტრუქციული და პროვოკაციული განცხადებების გამო,  შესაძლოა ქვეყანა უმძიმეს შედეგებამდე მიეყვანა“ -განაცხადა ზალკალიანმა. მისი თქმით, მაშინ როდესაც მთავრობა ყველაფერს აკეთებს ინკლუზიური ეკონომიკური განვითრებისა და ხალხის კეთილდღეობის გაუმჯობესების მიზნით და იმ ფონზე, როდესაც,  არსებული გამოწვევების მიუხედავად, ქვეყანას აქვს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-იანი ზრდა, აღნიშნული პროვოკაციული განცხადებები ემსახურებოდა სწორედ იმგვარი რეაქციის გამოწვევას, რა რეაქციაც მათ მოჰყვა რუსეთის დუმის მხრიდან და სახელმწიფომ გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა აღნიშნულის პრევენციისთვის "ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ამ გადაწყვეტილებასთან. გახსოვთ რა შედეგი მოგვიტანა ამან 2006 წელს. გინდოდათ, რომ როგორც მაშინ გამოადეპორტეს ქართველები რუსეთის ფედერაციიდან მასობრივად, იგივე ფაქტის წინაშე დავმდგარიყავით ახლა?!"
 
როგორც მინისტრმა განაცხადა, ფრენების აკრძალვასთან ერთად, საქართველო ეკონომიკური ემბარგოს დაკისრების, ხოლო რუსეთში მცხოვრები ათასობით ქართველი, 2006 წლის მსგავსად, კვლავ დეპორტის საფრთხის წინაშე დადგა. „ვინ აგებდა  პასუხს რუსეთში მცხოვრებ ათასობით ქართველს რამე რომ მოსვლოდა? ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე.“ - ხაზგასმით აღნიშნა ზალკალიანმა