დავით ზალკალიანის შეფასებით საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხო და წარმოაჩინა, როგორც საქართველოს მიღწევები, ასევე ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები

10.04.2019 სტრასბურგი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრის ვიზიტი სტრასბურგში, ისევე, როგორც ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები, რომელიც ეძღვნება ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების 20 წლისთავს  ევროპის საბჭოში უმნიშვნელოვანესია, განსაკუთრებით იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა.


„ნოემბერში საქართველო ხდება ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რომ პრემიერ- მინისტრმა სწორედ ამ კონტექსტში ისაუბრა 20 წლის განმავლობაში იმ მიღწეულ პროგრესზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია ყველა  მიმართულებით“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ევროპის საბჭოში პრემიერ-მინისტრის გამოსვლა შეაფასა და აღნიშნა, რომ მამუკა ბახტაძემ ყველა იმ მნიშვნელოვან და მწვავე გამოწვევებზე ისაუბრა, როგორიც არის, ტერიტორიული მთლიანობა, ოკუპაცია და ქვეყნის უსაფრთხოება.
 
„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ძალიან მწვავე გამოწვევაზე, რაც არის დაკავშირებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებასთან , ტერიტორიულ მთლიანობასთან.  ოკუპაციას ჰქონდა უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილი დათმობილი მის გამოსვლაში. მძაფრი, მწვავე შეფასებები მიეცა რუსეთის უკანონო ქმედებებს, იმ უკანონო დაკავებას, რომელსაც ბოლო პერიოდში  ჰქონდა ადგილი და რასაც მოჰყვა ჩვენი მოქალაქის გაურკვეველ გარემოებაში სიკვდილი. ასევე ისაუბრა მანამდე განხორციელებულ ქართველების დაკავებისა და მკვლელობის ფაქტებზე“-განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
 
დავით ზალკალიანის განმარტებით, აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობა მუდმივად იყოს ინფორმირებული ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე და მათი მხრიდან იყოს მუდმივი რეაგირება იქ განხორციელებულ  უკანონო ქმედებებზე. საგარეო საქმეთა მინისტრი განცხადებით,   პრემიერ-მინისტრმა  საკუთარ გამოსვლაში  ვრცლად ისაუბრა  საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივებზე და კონფლიქტის დარეგულირების თანმიმდევრულ პოლიტიკაზე. 
 
"დეოკუპაცია,  ჰუმანიტარული კატასტროფა და ის მწვავე ვითარება რაც არის შექმნილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე - ყველა ეს საკითხები იქნა გაჟღერებული პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში.  ისევე როგორც საუბარი შეეხო,  სამშვიდობო ინიციატივას და კონფლიქტის დარეგულირების თანმიმდევრულ პოლიტიკას, რაშიც აქტიურად არის ჩართული და მხარს გვიჭერს საერთაშორისო თანამეგობრობა. პრემიერ-მინისტრმა, ასევე ისაუბრა იმ რეფორმებზე, რომელიც ხორციელდება ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების კუთხით, კანონის უზენაესობის გამყარების თვალსაზრისით, ეკონომიკური რეფორმების კუთხით, ასევე განათლების რეფორმა, რომელიც ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი გახლავთ საქართველოს მთავრობის და ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს უაღრესად ამბიციური გეგმები. სწორედ ამაზე ჰქონდა პრემიერ-მინისტრს საუბარი“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ პრემიერ-მინისტრმა დღეს,  ევროპის საბჭოში დასმულ ყველა მწვავე შეკითხვას ამომწურავად უპასუხა. „დებატები, რომელიც შემდგომ გაიმართა გახლავთ  ამ ორგანიზაციის ჩვეულებრივი დამახასიათებელი ნიშანი. ნებისმიერი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იქნება ეს თუ სახელწმიფოს მეთაური, როდესაც სტუმრობს ორგანიზაციას, სიტყვით გამოდის სხვადასხვა პოლიტიკური წრეების, პარლამენტარების  წინაშე, რომელთაც ბუნებრივია აქვთ  სხვადასხვა პოლიტიკური განწყობა  ამა თუ იმ მოვლენის მიმართ,  ეს ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ ევროპის საბჭოში. იყო როგორც მწვავე შეკითხვები, იყო ასევე შეფასებები,  კომენტარები და რაც მთავარია არც ერთ მწვავე კითხვას საქართველოს პრემიერ-მინისტრი არ გაექცა,  მან ყველა ამ კითხვას პირდაპირ , ამომწურავად უპასუხა და   ყველა დასმულ კითხვაზე გასცა შესაბამისი პასუხი“-განმარტა დავით ზალკალიანმა.
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სტრასბურგში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.