დავით ზალკალიანმა აღმოსვლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველოს სამომავლო ინიციატივებზე ისაუბრა

17.10.2019 ქ. თბილისი- ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია, შავი ზღვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პოტენციალის მაქსიმალური ამოქმედება, აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო პლატფორმის შექმნა - ეს ის ძირითადი პრიორიტეტული მიმართულებებია, რომელზეც დავით ზალკალიანის განცხადებით, საგარეო უწყება აქტიურად მუშაობს აღმოსვალეთ პარტნიორობის ფორმატში 2020 წლის შემდგომი მიზნების თვალსაზრისით.

„2020 წლის შემდეგ  მოლოდინებთან და კონკრეტულ ინიციატივებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება ევროკავშირის ერთიან ბაზაში ინტეგრაცია, რაც გზას გაგვიხსნის, რომ ვისარგებლოთ 4 თავისუფლებით, კერძოდ, ეს არის კაპიტალის, საქონლის, მომსახურების და  ადამიანის გადაადგილების თავისუფლება.
ასევე, შავი ზღვის ეკონომიკური ინფრასტრუქტურული პოტენციალის მაქსიმალურად ამოქმედება, მხედველობაში მაქვს ერთობლივი სატრანსპორტო პროექტები.
მნიშნელოვანია ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო პლატფორმის შექმნა, რაც დააკავშირებს რეგიონს და ევროკავშირის ბიზნესებს, ხელს შეუწყობს ინვესტიციას” - განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, მიმდინარეობს მუშაობა ევროკავშირის სივრცეში ფულადი გადარიცხვების  განხორციელების ეფექტურ მოდელებზე, ასევე როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციასა და ევროკავშირის ერთიან საგანმანათლებლო ინოვაციების და კვლევების ერთიან სივრცეში ინტეგრაციის საკითხებზე. მინისტრის განცხადებით, ქართულმა მხარემ უკვე შეიმუშავა კონკრეტული წინადადებები აღმოსვალეთ პარტნიორობის ახალ სტრატეგიულ ხედვასა და 2020 შემდგომი მიზნების განსაზღვრისთვის.