დავით ზალკალიანმა ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტი დაასრულა

08.02.2019 / აშშ /  ქ. ვაშინგტონი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვიზიტის დასასრულს აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველს ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფიონა ჰილს შეხვდა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველო-აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობის ყველა ძირითად ასპექტს და კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის სტრატეგიული მხარდამჭერი ყველა საკითხში, რაც აქტუალურია აშშ-ის დღის წესრიგში. ამერიკულმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული და ევრო ატლანტიკური ინტეგრაციის კურსისა და სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. შედგა შეთანხმება სტრატეგიული მნიშვნელობის საკითხებზე ერთობლივი მოქმედებების გეგმებზე.

პრეზიდენტის მრჩეველთან შეხვედრისას მხარეებმა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. დავით ზალკალიანის თქმით მნიშვნელოვანია, რომ ახალი გლობალური გამოწვევების ფონზე საქართველომ თავისი ადგილი იპოვოს ახალ გეოპოლიტიკურ სურათში და ამ მხრივ აშშ-ის ჩართულობა და მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანია. გამოითქვა სურვილი, რომ ახალი რეალობების გათვალისწინებით, ამ სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდეს.

დავით ზალკალიანისა და ფიონა ჰილის შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებას. მინისტრის განცხადებით საქართველო აქტიურად მუშაობს აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობაზე და ამ მიმართულებით ქართულ მხარეს უკვე მნიშვნელოვანი სამუშაო აქვს შესრულებული. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე ამერიკული მხარემ დააფიქსირა, რომ შესაძლოა ამ მიმართულებით უახლოეს მომავალში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგას.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი შეეხო საკითხების ფართო სპექტრს და კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ საქართველოს აქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა, რისი დასტურიცაა  რესპუბლიკელი კონგრესმენის ფრენსის რუნის ინიცირებული საქართველოს მხარდამჭერი ახალი რეზოლუცია.