დავით ზალკალიანმა ავსტრიელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა.

26.10.2018 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ავსტრიის ეროვნულ დღესთან დაკავშირებით ორგანიზებულ საზეიმო მიღებაში მონაწილეობა მიიღო.
 
დავით ზალკალიანმა ღონისძიებაზე  მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ავსტრიელ ხალხს, საქართველოს მთავრობის სახელით, ეროვნული დღესასწაული მიულოცა.
 
მინისტრმა დადებითად შეაფასა საქართველოსა და ავსტრიას შორის ორმხრივ და მრვალმხრივ ფორმატებში არსებული მჭიდრო თანამშრომლობა და ამ კავშირების კიდევ უფრო განმტკიცების მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე ისაუბრა. დავით ზალკალიანმა ასევე  ხაზი გაუსვა ავსტრიის მხრიდან საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის  პროცესის მტკიცე მხარდაჭერას.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ავსტრიის მხარეს საქრათველოს  სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისა და საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის: „ ძალიან ვაფასებთ ავსტრიის მხარდაჭერას   და მინდა მადლობა გადაგიხადოთ ავსტრიული მხარის წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მოგეხსენებათ ეს გახლავთ საქართველოში ამ დროისთვის წარმოდგენილი მონიტორინგის ერთადერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც საშუალებას იძლევა ამ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობის შესახებ ობიექტური ინფორმაცია მიაწოდოს საერთაშორისო საზოგადოებას“ - განაცხადა გამოსვლისას დავით ზალკალიანმა.
 
აღსანიშნავია, რომ ღონისძიებას ესრწებოდნენ ქვეყანაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და  ავსტრიის მთავრობის წარმომადგენლები.