დავით ზალკალიანმა ბულგარეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

1.03.2019 ქ. თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო ბულგარეთის რესპუბლიკის ეროვნული დღის აღსანიშნავად გამართულ ღონისძიებაში.
 
საგარეო საქმეთა მინისტრმა მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ბულგარელ ხალხს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველოს და ბულგარეთს ისტორიული დროიდან მჭიდრო მეგობრული ურთიერთობა აკავშირებთ.  დავით ზალკალიანმა დადებითად შეაფასა ქვეყნებს შორის როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში არსებული თანამშრომლობა  და  ხაზი გაუსვა მაღალი დონის ვიზიტების დინამიკას. მისი თქმით, ის პოლიტიკური ურთიერთობა, რომელიც საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებობს, ეკონომიკური თანამშრომლობით კიდევ უფრო უნდა განმტკიცდეს.  
 
 
მიღებაზე გამოსვლისას, ზალკალიანმა განსაკუთრებული აქცენტი შავი ზღვის რეგიონის მნიშვნელობაზე გააკეთა. „საქართველოსა და ბულგარეთს გეოგრაფიულად შავი ზღვა აკავშირებს, რომელიც ბუნებრივი ხიდია ჩვენს ქვეყნებს შორის და ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში თანამშრომლობის უნიკალურ შესაძლებლობებს გვთავაზობს. ჩვენ ვაპირებთ ამ პოტენციალის სრულად გამოყენებას, განსაკუთრებით, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროში. შავი ზღვა ევროკავშირის ინტერსის სფერო ხდება და შავი ზღვის, როგორც კეთილდღეობისა და განვითარების ზღვის როლი დღითიდღე ძლიერდება.
ამ კონტექსტში აღსანიშნავია, რომ ბულგარეთი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სავაჭრო პარტნიორია.“- განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
 
მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ასევე აღნიშნა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური მისწრაფებების მიმართ ბულგარეთის მტკიცე მხარდაჭერის მნიშვნელობა და მადლობა გადაუხადა ბულგარეთის მთავრობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის.
 
დავით ზალკალიანმა ასევე მიულოცა ბულგარეთის საელჩოს  ნატოს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციის წარმატებით დასრულება.
 
ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები და დიპლომატიური კორპუსის წევრები ესწრებოდნენ.