დავით ზალკალიანმა ბულგარეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

13.06.2018 ქ.ბათუმი - საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა ევროკავშირის საბჭოში ბულგარეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის  დასრულებისადმი მიძღვნილ მიღებაში მიიღო მონაწილეობა.  ღონისძიება საქართველოში ბულგარეთის საელჩოს ორგანიზებით, ბათუმში, სასტუმრო “რედისონში” გაიმართა.

დავით ზალკალიანმა მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და ევროკავშირის საბჭოში  ბულგარეთის წარმატებულ თავმჯდოარეობაზე გაამახვილა ყურადღება.
 
“ძალიან ვაფასებთ ბულგარეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობის პერიოდში თქვენს მიერ გაწეულ ძალისხმევას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენს ორ ქვეყანას აკავშირებს საუკუნოვანი ისტორიული მეგობრობა. ბულგარეთი საქართველოს ევროინტეგრაციის ერთ-ერთი მტკიცე მხარდამჭერია და ჩვენ ძალიან ვაფასებთ თქვენს მხარდაჭერას ევროკავშირში. მსურს კიდევ ერთხელ მოგილოცოთ პრეზიდენტობის წარმატებულად დასრულება”- განაცხადა მინისტრის პირველმა მოადგილემ.
 
მიღებაზე სიტყვით ასევე წარსდგნენ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფიებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა, ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იური სტერკი და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე.
 
საღამოს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი და   საქართველოს მთავრობის წარმომავდენლები დაესწრნენ. მიღებაზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები ბავშვთა ანსამბლების მიერ.
 
აღსანიშნავია, რომ ბულგარეთმა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა 2018 წლის იანვრიდან  ექვსი თვით ჩაიბარა. ბულგარეთი ევროკავშირს 2007 წელს შეურთდა და თავჯდომარე ქვეყანა პირველად გახდა.​