დავით ზალკალიანმა ჩინეთის რესპუბლიკის ელჩი მიიღო

2019 წლის 18 ივნისს გაიმართა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, დავით ზალკალიანსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, ძი იენჩის შორის, რომელიც საქართველოში თავის მისიას ასრულებს.

განხილულ იქნა საერთო ინტერესის მქონე თემების ფართო სპექტრი, მათ შორის ეკონომი-კური მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში. კმაყოფილებით აღინიშნა, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ურთიერთობები დინამიურად ვითარდება როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.

ხაზი გაესვა ჩინეთის სახელმწიფო მრჩევლისა და საგარეო საქმეთა მინისტრის  ამასწინდელ ოფიციალურ ვიზიტს საქართველოში და მის ისტორიულ მნიშვნელობას.
ჩინეთის ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. დავით ზალკალიანმა კი, თავის მხრივ, ხაზი გაუსვა „ერთი ჩინეთის“ პრინციპისადმი საქართველოს ერთგულებას.
~
ყურადღება გამახვილდა „სარტყელისა და გზის“ გლობალურ ინიციატივაზე (Belt and Road Initiative) და მასში საქართველოს უფრო მეტ ჩართულობაზე.

კმაყოფილებით აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი ინვესტორი ქვეყანაა, რომლის ჩართულობითაც არაერთი პროექტი ხორციელდება, მათ შორის, ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რაც ხელს უწყობს სწრაფ ეკონომიკურ ზრდას.

ჩინეთის ელჩმა მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და აღნიშნა, რომ მისი სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის კვლავაც შეეცდება თავისი წვლილის შეტანას საქართველოსა და ჩინეთის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების საქმეში. გამოითქვა იმედი, რომ ჩინეთის ახალი ელჩი, რომელიც საქართველოში უახლოეს მომავალში ჩამობრძანდება, იქნება ძალზედ წარმატებული, რაც ორივე ქვეყნის ინტერესს ემსახურება.

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა ჩინეთის ელჩის განსაკუთრებულ როლს ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში და ჩინელ დიპლომატს სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვა.