დავით ზალკალიანმა და დავით სერგეენკომ საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარუდგინეს

29.03.2019 თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO)  ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე საქართველოს კანდიდატი წარუდგინეს.
 
2019 წლის 29 მარტს, დიპლომატებთან გამართულ შეხვედრაზე, მინისტრებმა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის თანამდებობაზე, დოქტორ ნატა მენაბდის კანდიდატურა წარუდგინეს და ისაუბრეს ჯანდაცვის სფეროში საქართველოს კანდიდატის მრავალწლიანი გამოცდილებისა და მიღწევების შესახებ.
 
საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო ზრდის  საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში მენეჯერულ პოზიციებზე. დავით ზალკალიანის შეფასებით, ნატა მენაბდის  შესაძლებლობები არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით
„ დღევანდელ შეხვედრაზე დიპლომატიურ კორპუსთან წარვადგინეთ ქალბატონ ნატა მენაბდის კანდიდატურა. ევროპის ჯანდაცვის ორგანიზაციის რეგიონალური ორგანიზაციის გენერალური დირექტორის პოზიციაზე. ძალიან მნიშვნელოვანია , რომ საქართველო ზრდის საკუთარ წარმომადგენლობას საერთაშორისო ორგანიზაციებში, ისეთ მნიშვნელოვან პოზიციებზე, როგორიც არის მენეჯერული , ხელმძღვანელი პოზიციები. ქალბატონი ნატას შესაძლებლობები ამ მხრივ არის ძალიან ღირებული, რადგანაც მას აქვს უაღრესად დიდი გამოცდილება ამ ორგანიზაციაში საქმიანობის, როგორც მენეჯერულ პოზიციებზე, ისე აკადემიური კუთხით და ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება რომელიც მას დაუგროვდა ამ წლების განმავლობაში, იქნება გადამწყვეტი ამ ორგანიზაციის არჩევნების ჩატარებისას. ჩვენ აქტიურად ვიმუშავებთ ყველა წევრ ქვეყანასთან ევროპის ფარგლებში, რათა საქართველოს კანდიდატურა იყოს მხარდაჭერილი.“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ნატა მენაბდეს აქვს დიდი საერთაშორისო გამოცდილება აქვს და ის არის ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე.
 
„დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა . ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა, რომ საქართველოში აკრედიტებული ელჩებისთვის წარგვედგინა ძალიან მნიშვნელოვანი კანდიდატურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში ევროპის ოფისის დირექტორის პოსტზე ქალბატონი ნატა მენაბდე, რომელსაც აქვს ძალიან დიდი საერთაშორისო გამოცდილება და მე იმედი მაქვს, რომ ეს შეხვედრა, პირველი წარდგენა გაგრძელდება აქტიურ კომუნიკაციაში და რეალურად მოგვეცემა მის შესაძლებლობა, რომ ქალბატონი ნატამ დაიკავოს ეს უმნიშვნელოვანესი პოსტი, რომელიც არა მარტო საქართველოსთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთლიანად ევროპის რეგიონისთვის“-დავით სერგეენკომ.
 
შეხვედრაზე დიპლომატებს დოქტორმა მენაბდემ მიაწოდა ინფორმაცია წლების მანძილზე, მის მიერ გაწეულ საქმიანობასთან დაკავშირებით და გააცნო ის მიზნები და ამოცანები, რომელთა განხორციელებას გეგმავს ზემოხსენებულ პოზიციაზე არჩევის შემთხვევაში.
 
ჯანდაცვის მსოფლიო  ორგანიზაციის (WHO) ევროპის რეგიონის რეგიონული დირექტორის არჩევნები გაიმართება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ევროპის რეგიონული კომიტეტის 69-ე სესიის ფარგლებში, 2019 წლის 16-19 სექტემბერს, ქ. კოპენჰაგენში.