დავით ზალკალიანმა და ტომას პეტრიჩეკმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩეხეთის განსაკუთრებულ ურთიერთობებს

10.07.2019 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან,  ტომას პეტრიჩეკთან.

„მსურს განსაკუთრებული მადლიერებით აღვნიშნო საქართველოს მიმართ ჩეხეთის  მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა როგორც პოლიტიკური, ისე პრაქტიკული, კულტურული და ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებით. გვახარებს, რომ ჩვენს პარტნიორულ ურთიერობებში ძალიან აქტიურად ვთანამშრომლობთ, როგორც   აღმასრულებელ ისე საკანონმდებლო დონეზე. უაღრესად პოზიტიურია თანამშრომლობა განათლების, კულტურის,  თავდაცვის, ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის და სოფლის მეურნეობის სფეროებში. მისასალმებელია ასევე, ჩეხეთიდან საქართველოში შემოსული ტურისტების რაოდენობის პოზიტიური დინამიკა, რასაც დიდწილადაც  ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული ისტორიული, მეგობრული ურთიერთობები. დარწმუნებული ვარ, რომ ეს ვიზიტი კიდევ უფრო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გამყარებაში როგორც ორმხრივ ისე მრავალმხრივ ფორმატში და ეს არსებული მჭიდრო თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტ ხელშესახებ შედეგებს მოგვიტანს ყველა სხვა მიმართულებით "- განაცხადა დავით ზალკალიანმა ჩეხ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა  ჩეხეთის აქტიურ მხარდაჭერას  საქართველოს  ევროპული და ევროატლანტიკური კურსის მიმართ, რისი დასტურიცაა როგროც ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში გაკეთებული საჯარო განცხადებები, ისე პრაქტიკულ დონეზე მჭიდრო მხარდაჭერა. დავით ზალკალიანმა დადებითად შეაფასა ჩეხეთის მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.
ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე აღინიშნა ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურების მიზნით,  მცირე და საშუალო ბიზნესის  ჩართულობის და ტურიზმის და ხალხთაშორისი კონტაქტების გაღრმავების მიზნით ქვეყნებზე ცნობადობის  ამაღლების მნიშვნელობა.

მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით და ჰუმანიტარული მიმართულებებით არსებულ მძიმე ვითარებაზე, განიხილეს ჟენევის ფორმატში განვითარებული პროცესები და  ხაზი გაუსვეს საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების  შესრულების, საერთაშორისო უსაფრთოხების მექანიზმების დაფუძნების და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნების საკითხების გადაჭრის თვალსაზრისით.

ორმხრივი შეხვედრის შემდეგ ხელი მოეწერა „საქართველოსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის დანაშაულთან ბრძოლაში თანამშრომლობის შესახებ“ შეთანხმებას, ასევე “საქართველოს მთავრობასა და ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის საქართველოსა და ევროკავშირს შორის უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის თაობაზე” ოქმს.

ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან და მოინახულებს საოკუპაციო ხაზს, სოფელ ხურვალეთს.

მან ასევე  პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირებს და მემორიალი გვირგვინით შეამკო.  ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე მოინახულა საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი.

ტომას პეტრიჩკი მონაწილეობას მიიღებს 11-12 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში - „ღირებული პარტნიორობის 10 წელი - განვლილი გზა და პერსპექტივები".