დავით ზალკალიანმა ესპანელ კონგრესმენებს საერთაშორისო საპარლამენტო ფორმატებში საქართველოს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა

28.01.2019 ესპანეთი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა გამართა ესპანეთის კონგრესში, კერძოდ კონგრესის ევროკავშირის შერეული ჯგუფის და ბრექსიტის შედეგების შემსწავლელი კომიტეტის პრეზიდენტთან მარია სორაია როდრიგეს-რამოსთან და კონგრესის სხვა წევრებთან, რომლებიც წარმოადგენენ საგარეო პოლიტიკისა და თავდაცვის კომიტეტებს.
 
მხარეებმა კმაყოფილებით აღნიშნეს საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებული წარმატებული ურთიერთობები და აქტუალურ საკითხებზე როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში ურთიერთმხარდაჭერა.
 
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე.
 
ესპანელი კონგრესმენების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს წარმატებულ ნაბიჯებს ევროპასთან დაახლეობის გზაზე, აღინიშნა, რომ ამ მხრივ საქართველო არის ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანა რეგიონში, ევროპის სანდო პარტნიორი და ესპანეთი მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციულ მისწრაფებებს, რომელიც მათი შეფასებით, არა ქვეყნის მთავრობის ან პოლიტიკური ჯგუფის მისწრაფება, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია.
 
მინისტრმა კონგრესის წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს მომავალ დღის წესრიგზე ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით, ასევე ევროკავშირთან არსებული თანამშრომლობის უმაღლეს ფორმატებზე, რაც, მხარეთა შეფასებით, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მოწინავე პოზიციებს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფორმატში. მინისტრმა კონგრესმენებს გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის სახით, რაც მიზნად ისახავს ქვეყნის საკანონმდებლო, სექტორალურ დაახლეობას და მეტ ფიზიკურ ინტეგრაციას ევროკავშირთან, რასაც ესპანელი კონგრესმენების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა.
 
ამ მხრივ ესაპნელი კონგრესმენების მხრიდან მაღალი შეფასება მიეცა საქართველოში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტების განვითარებაში.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კონგრესმენები მიიწვია ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს მიეძღვნება.
 
შეხვედრაზე ასევე საუბარი შეეხო ევროპის სივრცესა და რეგიონში არსებულ გამოწვევებს. დავით ზალკალიანმა ესპანეთის კონგრესის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ და მადლობა გადაუხადა ესპანურ მხარეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის, მათ შორის საერთაშორისო ფორმატებში საქართველოს შესახებ რეზოლუციების, განცხადებების და სხვა სახის დოკუმენტების მხარდაჭერისთვის.
მხარეებმა ასევე მიმოიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესი. მაღალი შეფასება მიეცა თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მიერ გატარებულ რეფორმებს და ქვეყნის მხრიდან საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილ მნიშვნელოვან წვლილს, რისთვისაც ესპანელმა კონგრესმენებმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადეს.
 
შეხვედრზე გამოითქვა დაინტერესება საპარალმენტო დონეზე ხელი შეეწყოს ხალხთაშორისი, კულტურული და ეკონომიკური კავშირების განვითარებას.
 
დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ესპანეთის კონგრესის წევრებს სხვადასხვა საერთაშორისო სპარლამენტო ფორმატებში საქართველოს მხარადჭერისთვის და მომავალში აქტიური თანამშრომლობის მზაობა გამოთქვა.