დავით ზალკალიანმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის ფარგლებში შეხვედრები გამართა ნორვეგიელ, რუმინელ და ხორვატ კოლეგებთან

ორმხრივი ურთიერთობების პარალელურად, საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული უსაფრთხოების გარემო და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის რეაგირების აუცილებლობა იყო. კიდევ ერთხელ აღინიშნა საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან მსგავსი ქმედებების კატეგორიული მიუღებლობა და ხაზი გაესვა ქართველი ექიმის დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობას. 
 
მინისტრებთან შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ნატო-ს ლიდერთა მომავალ შეკრებას ლონდონში და იმას, თუ როგორ იქნება შეფასებული საქართველოს პროგრესი ალიანსის მაღალი დონის შეხვედრაზე.
 
რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა რუმინეთის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით გაესვა ხაზი საქართველოს მნიშვნელოვან როლს შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და მის აქტიურ, პრაქტიკულ ჩართულობას ამ მიმართულებით.

მინისტრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მზაობა ითანამშრომლონ შავი ზღვის ეკონომიკური პოტენციალის და ორი ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების წარმოჩენაში.
 
ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე მაღალი შეფასება მიეცა საქართველოს ალიანსში გაწევრიანების გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს. დავით ზალკალიანმა და ინე მარიე ერიკსენ სორაიდემ კმაყოფილება გამოთქვეს ქვეყნებს შორის გააქტიურებული ურთიერთობების და მაღალი დონის შეხვედრების ინტენსიფიკაციის გამო.
 
ხორვატიის ევროპის და საგარეო საქმეთა მინისტრმა გორდან გრლიჩ რადმანმა და დავით ზალკალიანმა შეხვედრაზე მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის შემდგომი განვითარებისა და გაღრმავების საკითხები. განსაკუთრებული ყურადღება გაახვილეს ხორვატიის წარმატებულ გამოცდილებაზე ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ასევე ევროკავშირის თავმჯდომარეობის პერიოდში ხორვატიის პრიორიტეტებზე.
 
ბრიუსელში ვიზიტის ფრაგლებში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დავით ზალკალიანმა ასევე გამართა შეხვედრები გენერალური მდივნის მოადგილესთან და ევროპარლამენტარებთან.