დავით ზალკალიანმა ქართველ დიპლომატებს პროფესიული დღესასწაული მიულოცა

9.11.2018 ქ.თბილისი - ქ.თბილისის საკრებულოში დიპლომატის დღისადმი მიძღვნილი  სადღესასწაულო მიღება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით მიმართა და პროფესიული დღესასწაული მიულოცა.

„დიპლომატის დღე ყველა ჩვენგანისათვის, ქართული დიპლომატიური კორპუსისათვის, მთლიანად საქართველოსათვის გამორჩეული დღეა. იყო შენი ქვეყნის წარმომადგენელი საზღვარგარეთ, განსაკუთრებით ისეთი პატარა ქვეყნის, როგორიც საქართველოა, უდიდესი პატივი და პასუხისმგებლობაა. მინდა ყველა ქართველ დიპლომატს მივულოცო პროფესიული დღესასწაული და დიდი მადლობა გადავუხადო წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისა და თავგანწირვისთვის ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.  

საკუთარ გამოსვლაში მინისტრმა ყურადღება გაამახვილა თანამდროვე მსოფლიოში არსებულ  საფრთხეებსა და გამოწვევებზე. დავით ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ქართული დიპლომატიის როლი და მნიშვნელობა ერთიორად გაზრდილია იმ პირობებში, როდესაც ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიები და ოკუპანტი ძალა ცდილობს შექმნას ე.წ. ახალი რეალობა, სადაც მას ექნება სუვერენული სახელმწიფოს თავისუფალ არჩევანში ჩარევის შესაძლებლობა. მინისტრმა ასევე ისაუბრა ქართველი დიპლომატების მნიშნველოვან როლებზე, რომლებიც ყოველდღიურ რეჟიმში აწვდიან ინფორმაციას საერთაშორისო თანამეგობრობას იმის შესახებ რომს საქართველოსთვის მიუღებელია საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევა და რომ იგი ვერასოდეს შეეგუება საკუთარ ტერიტორიაზე მავთულხლართების გავლებას.

„ამ ურთულესი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენი ქვეყანა აგრძელებს ურყევად სვლას დემოკრატიის კონსოლიდაციის, მდგრადი ეკონომიკური განვითარების, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. დღეს საქართველოს ურთიერთობები ევროკავშირთან და ნატოსთან არის ყველაზე ახლო და მჭიდრო ვიდრე ოდესმე ყოფილა. საქართველო აღიარებულია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მტკიცე პარტნიორად და ლიდერად ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში“- განაცხადა დავით ზალკლიანმა.
მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს საქართველოს პრემიერ მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და დიპლომატიური კორპუსის დუაიენმა, წმინდა საყდრის დესპანმა, მონსინიორ ჟოზე აველინო ბეტანკურმა.

ღონისძიებას საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ხელმძღვანელები, საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის თანამშრომლები და ჟურნალისტები დაესწრნენ.


ქართული დიპლომატიის დღე 3  ნოემბერს საქართველოში 2004 წლიდან, მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით აღინიშნება და ცნობილი ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სულხან-საბა ორბელიანის დაბადების დღეს უკავშირდება.