დავით ზალკალიანმა სამხრეთ კავკასიაში გაერო-სლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

25.04.2019 ქ. თბილისი- საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის (UNHCR) წარმომადგენელთან სამხრეთ კავკასიაში (აზერბაიჯანი, საქართველო, სომხეთი) იოჰანეს ვანდერ კლაუსთან.
 
შეხვედრაზე დავით ზალკალიანმა იოჰანეს ვან დერ კლაუს მადლობა გადაუხადა UNHCR -ის წარმომადგენლის რანგში საქართველოში გაწეული ძალისხმევისათვის და UNHCR-ის მიერ განხორციელებული ჰუმანიტარული პროექტებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილი მოსახლეობისთვის დახმარების აღმოჩენას.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება, იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობაზე გამახვილდა.

შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა UNHCR-ის, მათ შორის ორგანიზაციის თბილისის ოფისის, მნიშვნელოვანი როლი, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მე-2 სამუშაო ჯგუფის ფარგლებში. 
 
მხარეები შეთანხმდნენ, განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა პრიორიტეტულ საკითხებზე.