დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ელჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში მიიღო მონაწილეობა

09.08.2018 ქ.თბილისი - საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩის, ჰაიკე ფაიჩის გამოსამშვიდობებელ საღამოში, რომელიც ელჩის რეზიდენციაში გაიმართა.

დავით ზალკალიანმა ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებზე ისაუბრა.
 
მინისტრმა ხაზი გაუსვა იმ  დიპლომატიურ ძალისხმევას, რომელიც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გასაღრმავებლად არის მიმართული. მან მადლობა გადაუხადა გერმანიის ელჩს საქართვლოსა და გერმანიას შორის მეგობრობის განმტკიცებისა და ურთიერთობების გაღრმავების პროცესში შეტანილი წვლილისათვის.
 
„სამაგალითო პარტნიორობა, რომელიც  ჩვენს შორის ბოლო წლების განმავლობაში ჩამოყალიბდა მოიცავს მრავალ სფეროს, როგორიცაა პოლიტიკა, ეკონომიკა, თავდაცვა, პოლიცია, განათლება და კულტურა. ჩვენ ასევე მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მრავალმხრივ ფორმატები და ამჟამინდელ გამოწვევებით სავსე პერიოდში ერთობლივი წვლილი შეგვაქვს მსოფლიოში მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
 
მინისტრის განცხადებით, საქართველო დემოკრატიული რეფორმების კუთხით ევროპის აღმოსავლეთ სამეზობლოში აღიარებული ლიდერია და ის წარმოადგენს ჰაბს, რომელიც აკავშირებს ევროპასა და აზიას.

„გერმანია მიეკუთვნება საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის  მტკიცე მხარდამჭერებს, რასაც ჩვენ ძალიან ვაფასებთ.“ - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.
 
დავით ზალკალიანმა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.