დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯეიმი შეასთან

21.02.2018 თბილისი - 2018 წლის 21 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა უსაფრთხოების ახალი გამოწვევების საკითხებში ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის მოადგილესთან, ჯეიმი შეასთან.

მხარეებმა განიხილეს საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და ბრიუსელის სამიტისთვის მზადების საკითხები, ქვეყანაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები და ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ნატო-საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობის ასპექტებზე.

ჯეიმი შეამ ხაზი გაუსვა  საქართველოს მნიშვნელოვან წვლილს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში და აღნიშნა, რომ საქართველო ნატო-ს არაწევრი ქვეყნებიდან სამხედრო დანაყოფებით ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია ავღანეთის მისიაში. ასევე საუბარი შეეხო ნატო-ს ძალისხმევაში შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცებაში, საქართველოს უფრო აქტიური ჩართვის პერსპექტივას.

დავით ზალკალიანმა  ჯეიმი შეას მიაწოდა ინფორმაცია რიგით მეათე წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავების პროცესზე.