დავით ზალკალიანმა შვედ ხალხს ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა მიულოცა

19.06.2019 ქ. თბილისი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო საქართველოში შვედეთის სამეფოს საელჩოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელზეც საზეიმოდ აღინიშნა შვედეთის ეროვნული დღესასწაული - ზაფხულის ბუნიობა.
 
მინისტრმა მიულოცა შვედეთ ხალხს და შვედეთის მთავრობას აღნიშნული დღესასწაული და ხაზი გაუსვა საქართველოსა და შვედეთს შორის ჩამოყალიბებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს. მან განსაკუთრებით აღნიშნა შვედეთის, როგორც აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ერთ-ერთი დამფუძნებლის მნიშვნელოვანი როლი საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში. საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ასევე ისაუბრა შვედ კოლეგასთან გამართული სატელეფონო საუბრის შესახებ, რა დროსაც ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობები და გამოთქვეს მზაობა ხელი შეუწყონ მათ შემდგომ გაღრმავებას და განვითარებას. დავით ზალკალიანმა ასევე მადლობა გადაუხადა შვედეთს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში შვედი მონიტორების აქტიური მონაწილეობისთვის.

ზაფხულის ბუნიობის დღესასწაულის აღნიშვნას საქართველოს დიპლომატიური კორპუსის, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.