დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტთან და წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან შეხვედრებზე ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავების საკითხები განიხილა

18.03.2019 მონტევიდეო -საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ურუგვაის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს, სენატის თავმჯდომარეს ლუსია ტოპოლანსკის.

შეხვედრაზე მხარეებმა მაღალი შეფასება მისცეს ურუგვაისა და საქართველოს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს და პოლიტიკურ თანამშრომლობას, რისი გამოხატულებაც არის ქვეყნებს შორის ბოლო პერიოდში არსებული ინტენსიური მაღალი დონის ვიზიტები და შეხვედრები. ხაზი გაესვა საქართველოსა და ურუგვაის შორის არსებულ ბევრ საერთო მახასიათებელს, რაც დიდ პოტენციალს ქმნის როგორც სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის განსავითარებლად ასევე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით,  ისეთ მიმართულებებში როგორიც არის დემოკრატიული განვითარება, ეკონომიკური შესაძლებლობები.  ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ლათინური ამერიკის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავების პრიორიტეტულობას, რაშიც უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ურუგვაის პრესპუბლიკას. მინისტრმა განსაკუთრებით აღნიშნა და მადლობა გადაუხადა ურუგვაის საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისათვის. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ტერიტორიული მდებარეობის თვალსაზრისით დიდი დაშორების მიუხედავად,  საქართველო და ურუგვაი, როგორც პატარა ქვეყნები, ხშირად საერთო გამოწვევებისა და შესაძლებლობების წინაშე დგანან.  

დავით ზალკალიანმა ურუგვაის ვიცე-პრეზიდენტს გააცნო საქართველოში მიმდინარე პროცესები, ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმა და ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი.  განსაკუთრებული ყურადღება დაეთმოს თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებებს, რომელიც საქართველოს გააჩნია მსოფლიოს წამყვან ეკონომიკებთან, მათ შორის ევროკავშირთან და რაც შესაძლებელია საინტერესო იყოს ურუგვაის საქმიანი წრეებისათვის. მინისტრმა ასევე ისაუბრა  საქართველოს მნიშვნელოვან სატრანზიტო ფუნქციაზე და იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რასაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს ამ შესაძლებლობის უკეთ რეალიზაციისთვის.

დღესვე, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ურუგვაის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან, სესილია ბოტინოსთან. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ქვეყნებს შორის საპარლამენტო დონეზე არსებულ თანამშრომლობას და მისი განვითარების გზებს. განსაკუთრებით დადებითად შეფასდა საქართველოსა და ურუგვაის თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.  ყურადღება გამახვილდა ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან ისეთ საერთაშორისო საკითხებზე,  როგორიც არის მდგრადი განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა. აღინიშნა, რომ საქართველო ერთ-ერთი წარმატებული ქვეყანაა გაეროს მდგრადი განვითარების, განსაკუთრებით კი 16-ე მიზნის განხორცილების კუთხით, რაც ინკლუზიურ, ტრანსფარენტულ მმართველობას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებს.


მხარეებმა ხაზი გაუსვეს ხალხთაშორისი ურთიერთობების გაღრმავების აუცილებლობას და საქართველოში, ისევე როგორც ურუგვაიში ცნობადობის ამაღლების კუთხით ერთობლივი მუშაობის მზაობა გამოთქვეს. ამ მხრივ, მაღალი შეფასება მიეცა მიმდინარე წლის მაისში საქართველო-ურუგვაის შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წელთან დაკავშირებით დაგეგმილ კულტურულ ღონისძიებებს, რაც ხელს შეუწყობს ურუგვაიში საქართველოს პოპულარიზაციას. ​