დავით ზალკალიანმა „უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივის“ მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

15.05.2018 ქ. პარიზი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა მონაწილეობა მიიღო პარიზში გამართულ „უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივის“ მაღალი დონის პოლიტიკურ შეხვედრაში, რომელიც მიეძღვნა აღნიშნული ინიციატივის  15 წლისთავს.

დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა საქართველოსთვის „უსაფრთხოების გავრცელების ინიციატივაში“ მონაწილეობის მნიშვნელობა და ისაუბრა მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების თვალსაზრისით რეგიონის წინაშე  არსებულ გამოწვევებზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა მასობრივი განადგურების იარაღის და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების გავრცელებისა და უკანონო ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით საქართველოს მიერ გაწეულ ძალისხმევაზე და საერთაშორისო თანამეგობრობასთან თანამშრომლობის მიმართულებებზე.
 
შეხვედრაზე ინიციატივის მონაწილე სახელმწიფოების წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს, დღეს არსებული ტერორისტული საფრთხეების პირობებში, ქვეყნების ერთიანი ხედვის, მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას, რაც პოზიტიურ ასახვას ჰპოვებს საერთაშორისო უსაფრთხოებაზე.