დავით ზალკალიანი იტალიელ კოლეგას შეხვდა

17.07.2018 ქ. თბილისი - ​საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრთან ენცო მოავერო მილანეზისთან, რომელიც საქართველოში იტალიის პრეზიდენტის სერჯო მატარელას პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

შეხვედრაზე საქართველოსა და იტალიის საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს საქართველოსა და იტალიას შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მხარეებმა განსაკუთრებით აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ბიზნეს-წრეებს შორის ინტენსიური კავშირების ხელშეწყობა, ამ კუთხით მინისტრები მიესალმნენ საქართველო-იტალიის ბიზნეს-ფორუმის ორგანიზებას. აღინიშნა, მ/წლის გაზაფხულიდან პირდაპირი ფრენების დაწყება ქუთაისი-რომის და თბილისი-ბოლონიას მიმართულებით, რომლებიც კიდევ უფრო ხელს შეუწყობს ტურიზმისა და ხალხთაშორისი კონტაქტების განვითარებას.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხები.

როგორც მინისტრებმა აღნიშნეს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის პირველი ვიზიტი საქართველოში ახალ დინამიკას შეიტანს როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ურთიერთობებში და კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი იტალიის მხარდაჭერას. ენცო მოავერო მილანეზიმ დადებითად შეაფასა ევროკავშირის ინტეგრაციის გზაზე ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი და კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური გზისადმი მტკიცე მხარდაჭერა. ყურადღება გამახვილდა ნატო-ს 2018 წლის სამიტის შედეგებზე.

შეხვედრაზე ქართული მხარე მიესალმა იტალიის ეუთო-ს თავმჯდომარეობას და ხაზი გაუსვა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის ეუთო-ს დღის წესრიგში დაყენების აუცილებლობას.

ქართულმა და იტალიურმა მხარეებმა ვრცლად ისაუბრეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადგილობრივი ქართველი მოსახლეობის მიმართ გაძლიერებულ ეთნიკურ დისკრიმინაციაზე, მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვაზე, საოკუპაციო ხაზზე მავთულხლართების აღმართვაზე, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვასა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უხეშ დარღვევებზე. ამ თვალსაზრისით, ხაზი გაესვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორების წვდომის აუცილებლობას. 

შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიასა და დავით ბაშარულის სიცოცხლის უკანონო ხელყოფის ფაქტებს. ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამეფებული დაუსჯელობის კონტექსტში, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის დადგენილებას „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ დამტკიცების თაობაზე.

დავით ზალკალიანმა იტალიელ კოლეგას გააცნო საქართველოს მთავრობის ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისაკენ“, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ჩართულობის უზრუნველყოფას იმ პოზიტიურ ინიციატივებსა და სიკეთეებში, რომელსაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე იღებს.

მინისტრმა მოავერო მილანეზიმ, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ გამოხატა იტალიის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

ასევე, განხილულ იქნა რეგიონში არსებული გამოწვევები, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები და გლობალური მნიშვნელობის სხვა საკითხები.

აღსანიშნავია, რომ იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ვიზიტის ფარგლებში, ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმებს თავდაცვის, პოლიციის, განათლების, ინოვაციების, კულტურის და ჯანდაცვის სფეროებში.