დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების დელეგაციათა შეხვედრა

11.10.2019 - ქ. თბილისში, გაიმართა დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - სუამ-ის ხელშეკრულების წევრი ქვეყნების (საქართველო, უკრაინა, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, მოლდოვას რესპუბლიკა)  საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების დელეგაციათა  რიგით  მე-5 შეხვედრა. 
 
შეხვედრის მონაწილეებს მიესალმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი.
 
რიგით მე-5 შეხვედრის ფარგლებში განიხილეს სუამ-ის 2001 წლის 7 ივნისის  კონვენციაში ქართული მხარის მიერ შეთავაზებული ცვლილებები და დამატებები, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ ურთიერთდახმარებას საკონსულო საკითხებში სუამ-ის წევრ სახელმწიფოებს შორის.
 
შეხვედრაზე მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია და ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა, კრიზისული სიტუაციების მართვა და ტექნოლოგიური ინოვაციები საკონსულო კუთხით, უკანონო მიგრაციასთან  ბრძოლა და მიგრაციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობა.
 
ქართულმა მხარემ შეხვედრის მონაწილე სახელმწიფოთა დელეგაციებს მიაწოდა ამომწურავი ინფორმაცია რეადმისიის განაცხადების მართვის ელექტრონული სისტემის განახლების შესახებ (ელექტრონული დასაბრუნებელი მოწმობის გაცემა) და შესთავაზა მათ აღნიშნულ სისტემაში ჩართვა.
 
მხარეებმა დაადასტურეს დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე არალეგიტიმური სტრუქტურების მიერ გაცემული დოკუმენტების არაღიარება და გაცვალეს ინფორმაცია იმ ღონისძიებების შესახებ, რომლებიც დაკავშირებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა-გასვლის წესებთან, განიხილეს  საკანონმდებლო ნორმები ამ ტერიტორიებზე გაცემულ სამოქალაქო აქტებთან დაკავშირებით.
 
მხარეებმა  გააფორმეს ოქმი, რომელშიც ოფიციალურად გაჟღერდა წინა შეხვედრებზე  მიღწეული შედეგები და ახლო მომავალში ერთობლივად განსახორციელებელი ღონისძიებებისა და მოქმედებების გეგმა.
 
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სუამ-ის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების საკონსულო დეპარტამენტების მომდევნო, რიგით მე-6 შეხვედრას აზერბაიჯანის რესპუბლიკის დედაქალაქი უმასპინძლებს.