„დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები“ - მიხეილ ჯანელიძე

30.08.2017 თბილისი - ​საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ტელეკომპანია „იმედის” პირდაპირ ეთერში აბასთუმანში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში პარტნიორი ქვეყნების დახმარებაზე ისაუბრა.

„ძალიან აქტიურად, კოორდინირებულად მუშაობს როგორც შტაბი ადგილზე, ასევე სხვა უწყებები, პრემიერ-მინისტრის ჩართულობით შედგა რამდენიმე კომუნიკაცია ჩვენს მეზობლებთან. მინდა აღინიშნოს, რომ ჩვენი საელჩოების მეშვეობით პირდაპირ კონტაქტზე ვართ ჩვენს პარტნიორებთან, ვისაც შესაბამისი ტექნიკა გააჩნია და შედეგად უკვე დღის მეორე ნახევარში საქართველოში იქნება შესაბამისი თვითმფრინავები და ვერტმფრენები. თვითმფრინავებით დახმარებას გაგვიწევს უკრაინა და თურქეთი, ვერტმფრენით დაგვეხმარება აზერბაიჯანი, ასევე ველოდებით დახმარებას ირანისგან, რომელიც მზად არის ამ ეტაპზე ვერტმფრენებით დაგვეხმაროს“ - განაცხადა მინისტრმა.

როგორც ვიცე-პრემიერმა აღნიშნა საქართველოს ამ ეტაპზე ცოცხალი ძალის შესაბამისი რესურსი გააჩნია, საჭიროება არსებობს ავიაციის კუთხით და მოთხოვნაც ამ მიმართულებით გაიგზავნა. მიხეილ ჯანელიძის განცხადებით იმ ადამიანური რესურსით, რომელიც ქვეყანას გააჩნია და იმ ავიაციით, რომელიც სულ მალე საქართველოში შემოვა, მოხდება კრიზისულ სიტუაციასთან გამკლავება.

საქართველოს ვიცე-პრემიერმა აბასთუმანში სტიქიასთან მებრძოლ მეხანძრე-მაშველებს ხანძართან გამკლავება და მშვიდობა უსურვა.

მიხეილ ჯანელიძემ ასევე მადლობა გადაუხადა ბორჯომის ხეობაში ხანძრის ლიკვიდაციის პროცესში ჩართულ ყველა მეხანძრე-მაშველს თავდადებისა და გმირობისთვის და პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერისა და დახმარებისთვის.