დიასპორის ფორუმში „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილე დიასპორის წარმომადგენლებმა საოკუპაციო ხაზი მოინახულეს

28.05.2017, ოძისი - თბილისში 27 მაისს გამართულ დიასპორის ფორუმში „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ მონაწილე დიასპორის წარმომადგენლებმა 28 მაისს საქართველოს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს.

დიასპორის წარმომადგენლებმა ადგილზე შეაფასეს არსებული მძიმე მდგომარეობა. მათ ასევე დეტალური ინფორმაცია მიეწოდათ ოკუპაციის ისტორიაზე და მცოცავ ოკუპაციაზე. სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ასევე უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს.

იმავე დღეს, დიასპორის ფორუმის ფარგლებში გაიმართა თბილისში მტკვრის მარცხენა სანაპიროს მონაკვეთისთვის ლევილის სახელის მინიჭების ოფიციალური ცერემონია, რომელზეც სტუმრებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ქ. თბილისის მერმა, ლევილის ვიცე მერმა, საქართველოში საფრანგეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა და ლევილის მმართველი საბჭოს წევრმა.

დიასპორის ფორუმი 2017 მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციისა (IOM) და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით გაიმართა და მას მსოფლიოს 30 ქვეყნიდან, 100-ზე მეტი დიასპორის წარმომადგენელი ესწრებოდა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ, პრემიერ მინისტრმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა. ფორუმი 27 მაისს დაიხურა.