დიდ ბრიტანეთში კონფერენცია -„საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და უორდროპების მემკვიდრეობა“ გაიმართა

19.05.2018  ქ. სევენოუკი - დიდ ბრიტანეთში, 1919-1921 წლებში სამხრეთ კავკასიაში გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი კომისრის, სერ ოლივერ უორდროპის სახლში კონფერენცია - საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე და სერ ოლივერ უორდროპის მემკვიდრეობა გაიმართა. ღონისძიება საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილეს ფარგლებში,ლონდონში საქართველოს საელჩოსა მხარდაჭერით და დიდ ბრიტანეთში  მოღვაწე ქართული დიასპორის წარმომადგენლის,ცირა კემულარიას ორგანიზებით განხორციელდა.

კონფერენცია, საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლიანი გზისა და ქართული კულტურის პოპულარიზაციაში  ევროპელი მეცნიერების  შეტანილი ღვაწლის თემატიკას მიეძღვნა. ღონისძებაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საელჩოს, ქართული და ბრიტანული აკადემიური წრეების წარმომადგენლები და ოლივერ უორდროპის შთამომავლები.

დამსწრე საზოგადოებას  მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართველი მკვლევარის ნიკოლოზ ალექსიძის წიგნის პრეზენტაცია, რომელიც ბოდლეის ბიბლიოთეკაში დაცულ, უორდროპების მდიდარ კოლექციას ეფუძნება. საღამოს ფარგლებში, წარმოდგენილი იყო  უორდროპების მემკვიდრეობასთან დაკავშირებული გამოფენა, ხოლო ლონდონის პირველი ქართული სკოლის მოსწავლეებმა წაიკითხეს ფრაგმენტები მარჯორი უორდროპისა და ილია ჭავჭავაძის მიმოწერიდან. საღამო მუსიკალურად   ქართველმა მეცოსოპრანომ, ლალი ჭილაიამ გააფორმა. 

აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში დაფუძნდა საქველმოქმედო ფონდი.ფონდში შემოსული თანხა  საქართველოს ისტორიისა და კულტურისადმი მიძღვნილი ლიტერატურის ქართულიდან ინგლისურად თარგმნას და გაერთიანებულ სამეფოში გამოცემას მოხმარდება.